ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) მიხედვით, ჰამასის ერთ-ერთი დამფუძნებელი და 7 ოქტომბრის თავდასხმის დაგეგმვაში მონაწილე, ჰაკემ ალ-ისსა 27 ივნისს ღამით, ღაზაში საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა.

The Israel Times წერს, რომ ისსა ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის სამხედრო ფრთის ე.წ. "საბრძოლო და ადმინისტრაციული მხარდაჭერის განყოფილებაში" შტაბის უფროსად მსახურობდა.

IDF აცხადებს, რომ ისსა ჰამასის "ცოდნის ცენტრალური წყარო და ერთ-ერთი ბოლო მაღალჩინოსანი იყო, რომელიც 7 ოქტომბრამდე მაღალ პოზიციას იკავებდა და ღაზას სექტორში რჩებოდა".

"წარსულში ისსა ხელმძღვანელობდა ჰამასის ძალების მშენებლობის პროცესს ღაზაში, იყო სამხედრო ფრთის ოპერაციული განყოფილების ერთ-ერთი დამფუძნებელი, ხელმძღვანელობდა წვრთნების განყოფილებას და ჰამასის სამხედრო გენერალური საბჭოს წევრი იყო" - ნათქვამია IDF-ის განცხადებაში.

ასევე, სამხედრო უწყება აღნიშნავს, რომ "ისსამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტვის დაგეგმვაში და განხორციელებაში".