გაეროს ცნობით, ორგანიზაციამ მიიღო ინფორმაცია, რომ 13 ოქტომბერს ისრაელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მყოფ მოსახლეობას მოსთხოვა 24 საათში გადავიდნენ ტერიტორიის სამხრეთში.
ვარაუდობენ, რომ ეს უკავშირდება ისრაელის გადაწყვეტილებას სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ.
გაერო მიიჩნევს, რომ მოსახლეობის მსგავსი გადაადგილება დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე ვერ ჩაივლის და ისრაელს მოუწოდებს, უარი თქვას ნებისმიერ ისეთ ბრძანებაზე, რომელიც ისედაც ტრაგიკულ სიტუაციას კატასტროფად აქცევს.
ევაკუაციის ბრძანება ეხება დაახლოებით 1,1 მილიონ ადამიანს, რაც ღაზას სექტორის მოსახლეობის ნახევარია.
გაეროს ინფორმაციით, ღაზას ჩრდილოეთ ნაწილი უნდა დატოვონ ორგანიზაციის თანამშრომლებმაც.
მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ღაზა „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.
ღაზას საზღვართან უკვე რამდენიმე დღეა, მობილიზებულია ისრაელის 300 000–მდე რეზერვისტი, მძიმე არტილერია და ტანკები, რაც სავარაუდოდ, სახმელეთო ოპერაციისთვის მზადებას უკავშირდება.
გაეროს მიერ 13 ოქტომბერს განახლებული მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ღაზას სექტორში საკუთარი სახლები 423 378-მა ადამიანმა დატოვა. საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ღაზაში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია. ისრაელმა „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული რეგიონი სრულ ბლოკადაში მოაქცია. ჩაკეტილია ღაზას სექტორიდან ეგვიპტეში გასასვლელიც. გაერო და ევროკავშირი ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის სრული უფლება აქვს, თუმცა ეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად უნდა გააკეთოს. გაერო და ევროკავშირი ისრაელს მოუწოდებენ, უზრუნველყოს ღაზას სექტორის სამოქალაქო მოსახლეობის უფლებების დაცვა და სურსათზე, წყალსა და მედიკამენტებზე წვდომა.