ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) გენშტაბის ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი ჰერცი ჰელევი აღიარებს "ჩავარდნას", რამაც შესაძლებელი გახადა "ჰამასის" მებრძოლების შეღწევა ისრაელის ტერიტორიაზე, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სასტიკი მოვლენების შემდეგ ეს ჰელევის პირველი განცხადებაა, რომელიც მან ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ყოფნისას გააკეთა.
"ისრაელის თავდაცვის ძალები პასუხისმგებელია ქვეყნისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და შაბათს დილით ღაზის სექტორთან მიმდებარე რაიონში ჩვენ ამას ვერ გავუმკლავდით",– თქვა გენშტაბის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ საკითხი აუცილებლად დაექვემდებარება გამოძიებას, მაგრამ არა ახლა:
"შევისწავლით, გამოვიძიებთ, მაგრამ ახლა ომის დროა".
მანვე განაცხადა, რომ IDF აკეთებს ყველაფერს, რათა ჰამასის მიერ გატაცებული მძევლები დააბრუნოს:
"ხუთი დღე გავიდა სასტიკი ინციდენტის შემდეგ. ჰამასის მკვლელი ტერორისტების, ადამიანის ცხოველების მიერ ჩვენი შვილების, ჩვენი ცოლებისა და ჩვენი ხალხის ხოცვა-ჟლეტა არის ცხოველური და არაადამიანური. IDF ებრძვის დაუნდობელ ტერორისტებს, რომლებმაც ჩაიდინეს წარმოუდგენელი ქმედებები",– თქვა გენშტაბის ხელმძღვანელმა და დასძინა, "ღაზა აღარ იქნება ისეთი, როგორც ადრე იყო".