ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება,– ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო მედია იტყობინება.
"საარჩევნო კალენდარი სასამართლოს, მთავრობისა და პარლამენტის მეთაურთა სხდომაზე დამტკიცდა. მეურვე საბჭოს თავდაპირველი შეთანხმებით, გადაწყდა, რომ მე-14 საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება," - იტყობინება სახელმწიფო მედია.
ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და კიდევ, სულ მცირე, 6 პირი იმყოფებოდნენ, 19 მაისს ჩამოვარდა ირანის ჩრდილო-დასავლეთში, მთიან რაიონში, აზერბაიჯანთან საზღვრის მახლობლად. დელეგაცია ბრუნდებოდა აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციიდან - ირანის რეგიონიდან, რომელიც აზერბაიჯანს ესაზღვრება. ირანის პრეზიდენტი აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად მონაწილეობდა ახალი კაშხლის გახსნის ცერემონიაში.
ირანის ხელისუფლებამ ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზად უამინდობა დაასახელა. ძლიერი ნისლის გამო გართულებული იყო სამძებრო-სამაშველო ოპერაციაც. მაშველებმა ვერტმფრენის კატასტროფის რაიონამდე 20 მაისს მიაღწიეს.