ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

„გამოვაცხადე ხუთდღიანი სახალხო გლოვა, ვუსამძიმრებ ირანის ძვირფას ხალხს“, – განაცხადა ხამენეიმ.

მომდევნო 50 დღის განმავლობაში ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი , მოჰამედ მოხბერი შეასრულებს. სავარაუდოდ, 50 დღის შემდეგ კი ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.

ირანულმა მედიამ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვას ინფორმაცია რამდენიმე საათს წინ დაადასტურა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მედიის ცნობით, რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. მანამდე, ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა კაშხლის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. ვერტმფრენში პრეზიდენტის გარდა რვა პირი იმყოფებოდა, მათ შორის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი.