ირანის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის და საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვის ერთ-ერთ მიზეზად აშშ-ის სანქციები დაასახელა.
"ამ ინციდენტის ერთ-ერთი მიზეზი არის შეერთებული შტატები: აშშ–მა ირანისთვის საავიაციო ინდუსტრიის შესყიდვებზე სანქციები დააწესა, რამაც პრეზიდენტისა და მისი თანამოაზრეების მოწამეობრივი სიკვდილი გამოიწვია და აშშ-ის დანაშაული ჩაიწერება ირანელი ხალხის გონებასა და ისტორიში. - თქვა ზარიფმა.
ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და კიდევ, სულ მცირე, 6 პირი იმყოფებოდნენ, 19 მაისს ჩამოვარდა ირანის ჩრდილო-დასავლეთში, მთიან რაიონში, აზერბაიჯანთან საზღვრის მახლობლად. დელეგაცია ბრუნდებოდა აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციიდან - ირანის რეგიონიდან, რომელიც აზერბაიჯანს ესაზღვრება. ირანის პრეზიდენტი აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად მონაწილეობდა ახალი კაშხლის გახსნის ცერემონიაში.
ირანის ხელისუფლებამ ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზად უამინდობა დაასახელა. ძლიერი ნისლის გამო გართულებული იყო სამძებრო-სამაშველო ოპერაციაც. მაშველებმა ვერტმფრენის კატასტროფის რაიონამდე 20 მაისს მიაღწიეს.