ირანის განცხადებით, "ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ისრაელს ეხმარება, თეირანისთვის ლეგიტიმური სამიზნეა". ამის შესახებ გაეროში ირანის მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"ქვეყნებს ვურჩევთ, თავი შეიკავონ ისრაელის რეჟიმსა და ირანს შორის კონფლიქტში ჩარევისგან და მოვუწოდებთ დისტანცირება მოახდინონ კონფლიქტისგან", – ნათქვამია განცხადებაში.
1 ოქტომბერს ირანმა ისრაელზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ირანის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ისრაელზე სარაკეტო შეტევის სამიზნე იყო მხოლოდ სამხედრო ობიექტები და ამ ოპერაციით თეირანმა აჩვენა, რომ დაიცავს თავის ხალხს და ინტერესებს. "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ცნობით, ისრაელზე დარტყმა იყო პასუხი თეირანში "ჰამასის" ლიდერის ისმაილ ჰანიეს და ბეირუთში "ჰეზბოლას" ლიდერის ჰასან ნასრალას მკვლელობებზე.
ისრაელი ირანს საპასუხო ზომით, ხოლო ირანი ისრაელს პასუხის შემთხვევაში უფრო მასშტაბური დარტყმით ემუქრება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელს სრული მხარდაჭერა დაუდასტურა და განაცხადა, რომ მისი პირდაპირი მითითებით ამერიკელი სამხედროები აქტიურად დაეხმარნენ ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემას. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ირანის აგრესიისგან ისრაელის დაცვა. ამასთან, ოსტინმა ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონი კვლავ ერთგულია დიპლომატიური გზების ძიების, რათა არ დაუშვან კონფლიქტის შემდგომი გაფართოება.