ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმა სრულიად მიუღებელია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს თავდასხმა მთელმა მსოფლიომ უნდა დაგმოს.

ბლინკენის განცხადებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით, დაახლოებით 200 რაკეტა გაუშვა, ისრაელმა კი "ეფექტურად დაამარცხა ეს შეტევა".

ისრაელის არმიის წინასწარი მონაცემებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 რაკეტა ისროლა.

ირანის ცნობით, მისი გუშინდელი სარაკეტო იერიშის სამიზნე თელ-ავივთან მდებარე სამი სამხედრო ბაზა იყო.

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ირანის მიერ ნასროლი რაკეტების ნაწილი სამიზნემდე მიღწევამდე ჩამოაგდეს, ზოგიერთი კი ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში აფეთქდა.

ისრაელი ირანს საპასუხო ზომებით ემუქრება.

ისრაელმა ნება დართო ადგილობრივებს, დატოვონ თავშესაფრები.

დასავლეთის ლიდერების ნაწილმა ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა უკვე დაგმო.