ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში, დეპუტატების კითხვებს უპასუხა და ინფორმაცია ბაკურიანის წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტების მიმდინარეობაზე მიაწოდა.
მინისტრის განცხადებით, დაბა ბაკურიანში მოსახლეობის 80% - 6 192 აბონენტი -უზრუნველყოფილია წყალმომარაგებით, რომელსაც უზრუნველყოფს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“.
ამჟამად მიმდინარეობს სათავე კვანძისა და მაგისტრალური მილსადენის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები, რომლის შესრულება ამ ეტაპისთვის შეადგენს 37%-ს.
„მიმდინარე პროექტები უზრუნველყოფს ბაკურიანის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სრულ რეაბილიტაციას, სამუშაოების დასრულება 2027 წლის მარტშია გათვალისწინებული,“ - აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
მიმდინარეობს ბაკურიანის წყალმომარაგების ქსელისა და რეზერვუარების პროექტირება-მშენებლობა, ასევე წყალარინების ქსელის მშენებლობა.
მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისგან დაზიანებული გზის საფარის გამო, მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას და ვიზიტორებს ბოდიში მოუხადა.









