ამერიკელი მილიარდერი, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი აცხადებს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ბოროტებაა.

„USAID-ი იყო რადიკალი მემარცხენე მარქსისტი კრიმინალების ბუდე, რომლებსაც სძულთ ამერიკა“, – წერს მასკი.

კიდევ ერთ პოსტში მასკი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კრიმინალურ ორგანიზაციად მოიხსენიებს.

„USAID-ი არის კრიმინალური ორგანიზაცია. დროა, რომ მოკვდეს“, – წერს მასკი.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ვებგვერდი ამ დროისთვის მიუწვდომელია. დღეს „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააგენტოს ვებგვერდი მას შემდეგ გაითიშა, რაც ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სააგენტოს სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანას გეგმავენ.