სახალხო დამცველმა აქციაზე დაკავებული პირები მოინახულა

„სამწუხაროდ, ისევე, როგორც წინა აქციების დროს, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება ჩვეულ მოვლენად იქცა და ის ფაქტი, რომ 25 დაკავებულიდან 22 ფიზიკურ ძალადობაზე მიუთითებს, საგანგაშო სტატისტიკაა. ამასთან, ყურადსაღებია, რომ ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს კონკრეტული სავარაუდო დანაშაული, უნდა იყვნენ მიცემული პასუხისგებაში. დღემდე უამრავი მოქალაქე გვყავს დაზიანებული, მაგრამ არცერთი სამართალდამცავი არ არის მხილებული თავისი უფლებამოსილების გადამეტებასა და ძალადობაში. ამ საკითხზე უნდა გასცეს პასუხი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა“, - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ აქციის მონაწილეთა მონახულების შემდეგ.

გუშინ და დღეს - 2 და 3 თებერვალს სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა თბილისისა და დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და „ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში“ თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 25 პირი მოინახულეს.

მათგან 22 სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიუთითებდა.