მილიარდერი ილონ მასკი თავისი ერთობ არადიპლომატიური გამონათქვამებით სულ უფრო და უფრო ხშირად იქცევს მსოფლიო პრესის ყურადღებას.
გუშინ დილით, ილონ მასკმა, „კლიმატ-სკეპტიკად" და „ანტი გრეტად" წოდებული, პარტია AfD-ს აქტივისტ ნაომი ზაიბტის ტვიტი გაიზიარა და მას ასეთი სიტყვები წაუმძღვარა: „გერმანიის გადარჩენა მხოლოდ AfD-ს შეუძლია".
Only the AfD can save Germany https://t.co/Afu0ea1Fvt
— Elon Musk (@elonmusk) December 20, 2024
ილონ მასკის სიმპათიები მემარჯვენე პოლიტიკოსთა მიმართ არახალი და საყოველთაოდ ცნობილია, თუმცა ამ შემთხვევაში მასკის ტვიტი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა და ამის მიზეზი გერმანიის ბუნდესტაგის მოახლოებული არჩევნებია.
AfD-მ მაშინვე გამოიყენა მასკის განცხადება სარეკლამო მიზნებისთვის. „თუ თქვენც გსურთ გერმანიის გადარჩენა, მაშინ შემოგვიერთდით და დაუყოვნებლივ შეავსეთ წევრობის განაცხადი“, - დაწერა პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) X-ზე.
„სავსებით მართალი ხართ", „სოციალისტმა მერკელმა" გერმანია „დაანგრია", მისწერა მასკს პარტიის ლიდერმა ალისა ვაიდელმა. მოგვიანებით გადაღებულ ვიდეოში მან მადლობა გადაუხადა მასკს და საპრეზიდენტო საქმიანობაში წარმატება უსურვა შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.
გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის გენერალურმა მდივანმა შეშფოთება გამოხატა მასკის მიერ მემარჯვენე პარტიის მხარდაჭერის გამო.
გერმანიის საარჩევნო კამპანიაში არანაირი გარე ჩარევა არ უნდა იყოს. მასკის AfD-ის სასარგებლოდ საუბარი „განგაშის ნიშანია“. ამერიკელმა მილიარდერმა თავი შორს უნდა დაიჭიროს გერმანიის პოლიტიკისგან. „გერმანიას არ სჭირდება არც საგარეო გავლენა, არც ტრამპიზმი“, - განაცხადა მან პორტალ t-online-თან საუბარში.
ის გარემოება, რომ აშშ-ს მომავალი მთავრობის მთავარი ფიგურა ერევა გერმანიის წინასაარჩევნო კამპანიაში, არის „საფრთხის შემცველი, შემაშფოთებელი და მიუღებელი“, - განუცხადა handelsblatt-ს გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის წარმომადგენელმა, ევროპარლამენტარმა დენის რადკემ.
მემარცხენეების მთავარი კანდიდატის, ჰაიდი რაიჩინეკის თქმით, „მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. მან იყიდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, რათა მილიონობით ადამიანს თავს მოახვიოს თავისი გაუფილტრავი მოსაზრებები და ამით გავლენა მოახდინოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკაზე“.
გერმანიის კანცლერო ოლაფ შოლცი ასევე გამოეხმაურა მასკის ტვიტს და აღნიშნა, რომ „გამოხატვის თავისუფლება მულტიმილიარდერებზედაც ვრცელდება“.
„თუმცა გამოხატვის თავისუფლება ასევე ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ თქვათ ისეთი რამ, რაც არასწორია და არ წარმოადგენს კარგ პოლიტიკურ რჩევას.” გერმანიის ყველა დემოკრატიული პარტია ამას მასკისგან განსხვავებულად ხედავს, - განაცხადა შოლცმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.
გუშინ, გვიან საღამოს მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, მასკმა შეურაცხყოფა მიაყენა ოლაფ შოლცს და მას გადადგომისკენ მოუწოდა.
მასკმა შეურაცხყოფა მიაყენა კანცლერ ოლაფ შოლცს და გადადგომისკენ მოუწოდა.
„შოლცი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. უუნარო ბრიყვია", - დაწერა მასკმა X-ზე.
Scholz should resign immediately. Incompetent fool.
— Elon Musk (@elonmusk) December 20, 2024
ილონ მასკმა ასევე გაიზიარა იმ მომხმარებლის კომენტარი, რომელმაც მომხდარს დაურეგულირებელი „მასობრივი იმიგრაციის“ პირდაპირი შედეგი უწოდა.