ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური პორტალი mainichi ავრცელებს.

5 იანვარს, დილის 05:00 საათზე, ტოკიოს კოტოს რაიონის ტოიოსუს თევზის ბაზრობაზე წლის პირველი აუქციონი გაიმართა.

აუქციონზე გატანილი, ჩრდილოეთ იაპონიის აომორის პრეფექტურის ქალაქ ომასთან დაჭერილი 238 კგ-იანი ცისფერი ტუნა Ginza Onodera-ს სასაუზმეებისთვის, რესტორნების ოპერატორმა Onodera Group-მა, საბითუმო ვაჭრობის კომპანია Yamayuki-ის მეშვეობით, 114,24 მილიონ იენად (789 000 ამერიკული დოლარი) შეიძინა.


ფასმა სამჯერ მეტად გადააჭარბა შარშანდელ ნიშნულს (36,04 მილიონი იენი) და საახალწლო აუქციონზე ტუნაში გადახდილ ფასებს შორის სიდიდით მეოთხე გახდა. ყველაზე მაღალი ფასი 2019 წელს დაფიქსირდა, როდესაც 278 კილოგრამიანი ცისფერი ტუნა 333,6 მილიონ იენად გაიყიდა.

„ვგრძნობდი, რომ ეკონომიკა უმჯობესდებოდა, ამიტომ ვფიქრობდი, რომ ფასი 100 მილიონ იენს მიაღწევდა", - თქვა იამაიუკის პრეზიდენტმა იუკიტაკა იამაგუჩიმ, რომელიც ზედიზედ მეოთხედ გახდა აუქციონზე ყველაზე საუკეთესო ტუნას მყიდველი.

„გადამწყვეტი ფაქტორი იყო თინუსის სიახლე და ნათელი ფერი. ჩვენ მადლობელი ვართ მეთევზეების, რომლებმაც გაუძლეს სიცივეს და დაიჭირეს“, - თქვა მან და საახალწლოდ ცენტრალურ იაპონიაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრასა და აუქციონის შორის პარალელის გავლებასთან დაკავშირებით დასძინა:

„აუქციონში მონაწილეობისგან თავის შეკავებასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთგვაროვანი განწყობა გვქონდა, მაგრამ მივიჩნიეთ, რომ გვჭირდება პოზიტიური სიახლეები და გადავწყვიტეთ, მიგვეღო მონაწილეობა".

ითვლება, რომ წლის პირველ აუქციონზე საუკეთესოდ მიჩნეული თინუსის ყიდვა წარმატებულობის ნიშანია და ტრადიციისამებრ, მყიდველი თავის მომხმარებლებს მისგან დამზადებულ ულუფებს ჩვეულებრივ ფასში აწვდის.

Yamayuki-ს მიერ შეძენილი ტუნის ხორცი ასევე გაიყიდება ტოკიოს სასურსათო მაღაზიებში.