გაეროს ცნობით, ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოს ირგვლივ დაბომბვისა და შეიარაღებული შეტაკებების შედეგად სამი მედდა დაიღუპა.

"დაზიანებულია საავადმყოფოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მათ შორის – ჟანგბადის გამომუშავების ობიექტი, წყლის ავზები და ჭა, გულ-სისხლძარღვთა დაწესებულება და სამშობიარო განყოფილება", – აცხადებს გაერო.

ისრაელი ადრე ადანაშაულებდა "ჰამასს" ღაზას უმსხვილესი საავადმყოფოს ქვეშ მიწისქვეშა სამეთაურო ცენტრის ფუნქციონირებაში, რასაც "ჰამასი" უარყოფს.

კითხვაზე, მუშაობდა თუ არა "ჰამასი" ალ-შიფას შიგნით, საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელმა, ექიმმა მარვან აბუ საადამ თქვა, რომ ბრალდებები "დიდი ტყუილია".

ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ისინი მოქმედებენ საავადმყოფოს მიდამოში, მაგრამ უარყოფენ თავდასხმას დაწესებულებაში.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ "ჰამასი" ღაზაში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფოს თანამშრომლებს საწვავის შეგროვებაში უშლის ხელს.

მისი თქმით, ისრაელის არმიამ ღამით საავადმყოფოსთან 300 ლიტრი საწვავი დატოვა, მაგრამ "ჰამასი" ხელს უშლიდა და ახორციელებდა ზეწოლას საავადმყოფოზე არ შეეგროვებინა იგი". "ჰამასი" ბრალდებას უარყოფს.

საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელმა განუცხადა BBC-ს, რომ 300 ლიტრი საწვავი გენერატორების მუშაობას მხოლოდ ნახევარი საათის განმავლობაში უზრუნველყოფს.