საოცარი ერთსულოვნება, ერთიანობა და სიმშვიდე იყო, რაც საოცრად ჩანდა, – ასე უპასუხა თეოლოგმა ლევან აბაშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „დღის თემის“ წამყვანის შეკითხვას, რა შეფასებას მისცემს 11 მაისს განვითარებულ მოვლენებს იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომ პატრიარქის არჩევამდე ვრცელდებოდა ცალკეული განცხადებები და სხვადასხვა ინფორმაცია, თითქოს სინოდში იყო უთანხმოება იმავე პატრიარქობის კანდიდატებთან დაკავშირებით, ხმებთან დაკავშირებით იყო პრობლემები.
„მორწმუნე ქრისტიანებს დიდი პატივისცემა გვაქვს უმაღლესი იერარქიის მიმართ, მაგრამ შეიძლება ითქვას, მოლოდინსაც გადააჭარბა. ცხადია, იყო გამოსვლები და უთანხმოებების შესახებ იყო ბევრი საუბარი, თუნდაც ხმები რომ გაიყო, მაგრამ ეს სავსებით ნორმალურია. 100% რომ აეღო მეუფე შიოს, ამაზე იტყოდნენ, რატომ აიღო ამდენი ხმაო, ხომ? ესე იგი, ეს ყველაფერი არის ძალიან ბუნებრივი პროცესი, ჩვენ ვნახეთ, რომ პირველმა სწორედ იმ კანდიდატებმა მიულოცეს მეუფე შიოს და საოცარი ერთიანობით, სიმშვიდით და სიყვარულით წარიმართა ყველაფერი. ჯერ კიდევ პავლე მოციქულს აქვს ნათქვამი, თქვენ შორის უნდა იყოს სხვადასხვა აზრი, მაგრამ უმთავრესში ჩვენ უნდა ვიყოთ ერთნიო. უმთავრესი არის, რომ უნდა იყოს ჩვენ შორის ჭეშმარიტი, ღვთისმიერი სიყვარული და ერთიანობა სწორედ უმთავრესი მიზნებისთვის“, – განაცხადა აბაშიძემ.
შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს უკვე 12 მაისს, რადგან ეს იყო ეპოქალური მნიშვნელობის დღე, როდესაც 49 წლის შემდეგ სვეტიცხოვლის ტაძარი კიდევ ერთხელ გახდა მთავარი ცენტრი აღსაყდრების უმნიშვნელოვანესი ცერემონიის, ლევან აბაშიძემ განაცხადა, რომ, ზოგადად, ყველაფერი, რაც წარიმართა, იყო საოცრად კარგად ორგანიზებული.
„რასაკვირველია, ხშირად ახსენებდნენ ჩვენს ძვირფას პატრიარქს, ილია მეორეს და ამაში ილია მეორეს დიდი როლიც არის. ჩვენ, ქრისტიანებს, გვწამს, რომ ის აგრძელებს ლოცვას საქართველოს ეკლესიისთვის. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ მისი მოღვაწეობის შედეგად გვაქვს ასეთი ორგანიზებული იერარქია. მართალია, ჩვენი პატრიარქი იყო ფიზიკურად დასუსტებული, მას ჰქონდა გარკვეული პრობლემები და წირვასაც თვითონ ვერ ატარებდა, რის გამოც მეუფე შიო მოსაყდრის რანგში ატარებდა წირვას, მაგრამ მას ჰქონდა ნათელი გონება ბოლო დღემდე, ყველა გადაწყვეტილებას მას უთანხმებდნენ და, რასაკვირველია, ის მართავდა ეკლესიას; ეს მისი უშუალო დამსახურებაც არის, ჩვენ რაც ვიხილეთ“, – განაცხადა ლევან აბაშიძემ.
შეკითხვაზე, რა არის ის მთავარი გამოწვევები, რომელთა დაძლევაც მოუწევს უკვე ახალ პატრიარქს მისი ახალი მისიის შესრულების დროს, ლევან აბაშიძემ განაცხადა, რომ, როგორც თავის სიტყვაში უწმინდესმა შიო მესამემ თავად აღნიშნა, ეს არის მძიმე ჯვარი, დიდი პასუხისმგებლობა.
„თქვენ იცით, რომ ილია მეორეს მფარველი იყო ილია წინასწარმეტყველი. ღმერთმა როდესაც წაიყვანა ილია მეორე, ვინც იყო ელისე წინასწარმეტყველი, რომელიც დარჩა, მან ითხოვა ღვთისაგან ორმაგი მადლი და იმიტომ ითხოვა, რომ იმდენად დიდი იყო ილიას საქმენი, მას სჭირდებოდა ღვთის განსაკუთრებული შეწევნა. სწორედ ამას გაუსვა ხაზი უწმინდესმა შიომ, რომ მას სჭირდება სწორედ ღვთის მადლი და ღვთის შეწევნა. საერთოდ, ჩვენ, ქრისტიანებს, გვწამს, რომ მართალია, ჩვენ უნდა ჩვენი მაქსიმალური გავაკეთოთ, მაგრამ ღვთის შეწევნის გარეშე ჩვენ ვერ გავაკეთებთ ამ საქმეს. ამიტომ ამაზე იყო ძირითადი აქცენტი. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რასაკვირველია, უწმინდეს შიოს უმძიმესი გზა აქვს წინ, რადგან ილია მეორე თითქმის 50 წელი იყო ჩვენი პატრიარქი, ყველანი მიჩვეული ვიყავით მას. ახლა ახალი ეტაპი იწყება და ამ ახალ ეტაპში მნიშვნელოვანია, ეკლესიამ გააგრძელოს ეს გზა. ამასაც გაუსვა მან ხაზი თავის სიტყვაში, რომ უნდა გაგრძელდეს ილია მეორეს გზა, რომლითაც მივდივართ და კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს“, – განაცხადა ლევან აბაშიძემ.








