გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ირანის ხელისუფლებას თხოვნით მიმართა, "ჰამასზე" გავლენა მოახდინოს და ამით ისრაელის მძევლების გათავისუფლებას შეუწყოს ხელი, ასევე, "ჰეზბოლას" დაჯგუფება ისრაელთან კონფლიქტში მონაწილეობას ჩამოაშოროს. ამის შესახებ თავად გუტერეშმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"ირანს ორი რამ ვთხოვე: პირველი, ზეწოლა "ჰამასზე", რათა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მძევლები, ყოველგვარი პირობების გარეშე. მეორე, უთხრას "ჰეზბოლას", რომ მათ არ შეუძლიათ შექმნან სიტუაცია, რომელშიც ლიბანი ამ კონფლიქტში მთლიანად ჩაერთვება", - თქვა გუტერეშმა. "თუ "ჰეზბოლა" ისრაელზე მასიურ თავდასხმას განახორციელებს, არ ვიცით, ეს რა გავლენას მოახდენს, მაგრამ ერთში დარწმუნებული ვარ, რომ ლიბანი ვერ გადარჩება", - თქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

CNN-ის კითხვაზე, თუ როგორი იყო ირანის პასუხი ამ თხოვნებზე, გუტერეშმა აღიარა, რომ არ იცის. "ისინი ყოველთვის ამბობენ, რომ არაფერი აქვთ საერთო ამ კონფლიქტთან, მაგრამ საჯაროდ კონფლიქტის გავრცელების არსებულ რისკს იმეორებენ. ეს ყოველთვის ძალიან იდუმალია - ირანის პოზიცია", - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

გუტერეშმა ასევე დასძინა, რომ გაერო ლიბანის ხელისუფლებასთან "მჭიდრო კონტაქტშია". ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის ესკალაცია "ჰეზბოლას" ფართომასშტაბიანი თავდასხმის და ისრაელის ფართომასშტაბიანი პასუხის სახით, რომლის დროსაც ლიბანი მთლიანად განადგურდება", - გაიმეორა გუტერეშმა.

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ "ჰამასმა" ისრაელზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა. ტერორისტებმა ისრაელზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს და, მის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ, თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში, მშვიდობიანი მოსახლეობის ყველაზე მასიური ხოცვა მოაწყვეს. მისი მსხვერპლი, განახლებული მონაცემებით, 1200 ადამიანი იყო. მებრძოლებმა, ასევე, 240-ზე მეტი მძევალი აიყვანეს და ღაზას სექტორში წაიყვანეს.

ისრაელმა "ჰამასს" ომი გამოუცხადა. ქვეყნის არმია მასიურ დარტყმებს ახორციელებს ამ მჭიდროდ დასახლებულ პალესტინის რეგიონზე, რომელიც "ჰამასის" მმართველობის ქვეშ იმყოფება და ასევე, სახმელეთო სამხედრო ოპერაციას ახორციელებს. "ჰამასის" მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზას სექტორში 11 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დამოუკიდებელი წყაროებიდან ამ მონაცემების დადასტურება შეუძლებელია.