ევროკავშირი 5G ქსელებში ჩინური კომპანია Huawei-ს აღჭურვილობის გამოყენების სრული აკრძალვის დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ Financial Times ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება.
აკრძალვა, შეთანხმების შემთხვევაშიც კი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ 2024 წლამდე დაწესდეს, ვინაიდან ევროპარლამენტის ამჟამინდელი შემადგენლობის უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა იწურება, წერს FT. ევროკომისიამ აკრძალვის განხილვაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
ჯერ კიდევ 2020 წელს, ბრიუსელმა ოფიციალურად გაუწია რეკომენდაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, დაეწესებინათ შეზღუდვები მაღალი რისკის მქონე აღჭურვილობის მომწოდებლებზე. ევროკავშირი, კომპანია Huawei-ს, ასეთ მომწოდებლებს მიაკუთვნებს. ევროკავშირის ქვეყნების მხოლოდ მესამედმა გაითვალისწინა რეკომენდაციები და Huawei-ს, 5G-ის მქონე კრიტიკულ კომუნიკაციებზე წვდომა შეუზღუდა, აღნიშნავს გამოცემა.
"ეს ძალიან ცოტაა. და ეს გაერთიანების კოლექტიურ უსაფრთხოებას დაუცველს ხდის", - განუცხადა ევროკომისარმა შიდა ბაზრის საკითხებში ტიერი ბრეტონმა ევროკავშირის კომუნიკაციების მინისტრებს.
ბრეტონის თქმით, ევროკავშირმა უკვე შეძლო ენერგეტიკაზე დამოკიდებულების "შემცირება ან აღმოფხვრა". "ჩვენ იგივე უნდა გავაკეთოთ 5G ქსელებისთვის", - თქვა ევროკომისარმა.
Huawei-მ განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება კიბერუსაფრთხოების საკითხების "პოლიტიზებას". "კიბერუსაფრთხოების რისკების შეფასება, ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვის, ან სისტემიდან კონკრეტული მომწოდებლების გამორიცხვა სათანადო ტექნოლოგიური შეფასების გარეშე, არის სამართლიანობისა და არადისკრიმინაციული პრინციპების და ევროკავშირის კანონებისა და რეგულაციების დარღვევა", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
როგორც Huawei-ს განცხადებაშია ხაზგასმული, "სასამართლოს არასდროს დაუდგენია", რომ კომპანია ინტელექტუალური საკუთრების მავნე ქურდობით იყო დაკავებული, წერს FT.
აშშ-ს ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ Huawei დაფინანსებას ჩინეთის სამხედრო, დაზვერვისა და კომუნისტური პარტიის ცენტრალური ეროვნული უსაფრთხოების კომისიისგან იღებს და ასევე, მომხმარებლის მონაცემებს ჯაშუშობისთვის იყენებს.
შეერთებული შტატების გარდა, ავსტრალიამ, გაერთიანებულმა სამეფომ და კანადამ აკრძალეს ჩინური კომპანიის აღჭურვილობის გამოყენება 5G ქსელებში. ევროკავშირში ასეთი ნაბიჯი გადადგა დანიამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, შვედეთმა და ესტონეთმა. პორტუგალია ემზადება, რომ აკრძალოს Huawei-ს 5G ინფრასტრუქტურა. 2023 წელს ოფიციალურმა ბერლინმა გამოაცხადა განზრახვის შესახებ, რომ გადახედოს ჩინური კომპონენტების გამოყენებას მის 5G ინფრასტრუქტურაში და შეისწავლოს კანონის შეცვლის აუცილებლობა, აღნიშნავს გაზეთი.