არის ნიშნები, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ჯო ბაიდენი NATO-ში გაწევრების შესახებ უკრაინის განაცხადს დააჩქარებს ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკულ ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროზე Financial Times ავრცელებს. 

ბრძოლის ველსა და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე მიძღვნილ მოზრდილ სტატიაში ნათქვამია, რომ ზამთარში მოსალოდნელი ენერგეტიკული პრობლემების, მობილიზაციის საკამათო კანონისა და ცოცხალი ძალის დეფიციტის ფონზე უკრაინულ საზოგადოებაში დაძაბულობა მატულობს.

ავტორების ცნობით, დასავლელი პარტნიორებისგან მზარდი წნეხის ქვეშაა ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლებსაც მოკავშირეები რუსეთთან მოლაპარაკებების კუთხით მეტ მოქნილობას სთხოვენ, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ხედავენ რუსეთის მზაობას.

"ძირითადად მოთამაშეებს დეესკალაცია სურთ" - ამბობს გამოცემასთან უკრაინელი მაღალჩინოსანი. 

მოკავშირეების განწყობის შესაცვლელად გასულ კვირას ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა ზელენსკიმ ამერიკელებს კიევის გამარჯვების გეგმა წარუდგინა. წყაროს ცნობით, ადმინისტრაციაზე ზელენსკიმ გეგმამ შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. 

ავტორების აზრით, გარკვეულ ეტაპზე ზელენსკის ვიზიტი, შესაძლოა, კატასტროფულიც გამხდარიყო - რესპუბლიკელების კრიტიკა გამოიწვია უკრაინელი პრეზიდენტის ვიზიტმა პენსილვანიის შეიარაღების საწარმოში, სადაც ის დემოკრატების დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. 

მიუხედავად ამისა, ზელენსკის გუნდმა შეძლო ტრამპის დათანხმება შეხვედრაზე. "ეს არ იყო ტრიუმფი, ეს არ ყოფილა კატასტროფა" - ასე აფასებს უკრაინელი დიპლომატი ზელენსკის ამერიკულ ვიზიტს. 

ზელენსკიმ ვერ მიაღწია პროგრესს მისთვის 2 ცენტრალურ საკითხზე: დასავლური შეიარაღების გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა და ნატოში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება. 

გაზეთის ევროპული წყაროები, რომლებიც გასულ კვირას გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დისკუსიებს ესწრებოდნენ ამბობენ, რომ პოტენციური პოლიტიკური გადაწყვეტის კუთხით დისკუსიების ტონი შეცვლილია. უკრაინის წარმომადგენლები მეტი ღიაობას გამოხატავენ ცეცხლის არსებულ ხაზებზე შეწყვეტის საკითხზე. 

"ჩვენ სულ უფრო ღიად ვსაუბრობთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი და რისი დათმობა მოუწევს კიევს გრძელვადიანი მშვიდობის სანაცვლოდ. ეს არის ძირითადი ცვლილება, თუნდაც 6 თვის წინანდელ დისკუსიებთან შედარებით, როდესაც ამაზე საუბარი ტაბუირებული იყო" - ამბობს Financial Times-თან საუბარში. 

ვითარებას ამძიმებს მოახლოებული ზამთარი - იმ პირობებში, როდესაც რუსეთმა უკრაინის გენერაციული სიმძლავრეების ნახევარი გაანადგურა, ქვეყანა უფრო მეტად დამოკიდებულია მის კონტროლქვეშ დარჩენილ 3 ატომურ ელექტროსადგურზე. სავარაუდოა, რომ რუსეთის სარაკეტო დარტყმების მთავარი სამიზნე მომდევნო თვეებში სწორედ ამ ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის გადამტანი ხაზები და ქვესადგურები იქნება. 

მასალაში ნათქვამია, რომ დაძაბულობას ქმნის მობილიზაციის კანონიც - უკრაინელები უკმაყოფილოები არიან კომისარიატების თვითნებობით, მათ უმეტესობას მიაჩნია, რომ ისინი ბრძოლის ველზე შესაბამისი წვრთნისა და აღჭურვილობის გარეშე აღმოჩნდებიან და ამიტომაც, გაურბიან მობილიზაციას. 

ავტორების აზრით, დამატებითი დაძაბულობის წყარო შესაძლოა რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებაც გახდეს, რადგანაც არსებობს რადიკალურად განწყობილი ფენაც, რომელიც ნებისმიერ მოლაპარაკებებს კაპიტულაციას გაუტოლებს.

"თუ შენ მოლაპარაკებებს იწყებ, შეიძლება ამან სოციალური დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, ეს ზელენსკი ამას აცნობიერებს" - ამბობს გაზეთთან საუბარში უკრაინელი მაღალჩინოსანი. 

სოციოლოგიური კვლევების შედეგები მეტყველებს, რომ ტერიტორიული დათმობებს უკრაინული საზოგადოება მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთის მიერ გაცემული უსაფრთხოების ქმედითი გარანტიების სანაცვლოდ შეიძლება დათანხმდეს, ასეთი კი მათი აზრით, მხოლოდ NATO-ს წევრობაა. 

"ტერიტორიები NATO-ში წევრობის სანაცვლოდ ეს ერთადერთი თამაშია, ეს ყველამ იცის, თუმცა ხმამაღლა არავინ იტყვის" - ამბობს გამოცემასთან საუბარში საკითხში გაცნობიერებული დასავლელი დიპლომატი. 

მასალაში ნათქვამია, რომ NATO-ელ მოკავშირეებს შორის უკრაინის კონტექსტში სულ უფრო ხშირად საუბრობენ დასავლეთ გერმანიის მოდელზე - დასავლეთ გერმანია ჩრდილოატალნტიკურ ალიანსის წევრი გაერთიანებამდე თითქმის 45 წლით ადრე გახდა. 

ავტორები წერენ, რომ ასეთ შეზღუდულ გაწევრიანებასაც ამერიკული ჯარების განლაგება დასჭირდება, რაც ჩინეთიდან მომავალი საფრთხის გათვალისწინებით ორივე ადმინისტრაციისთვის პრობლემური იქნება. გარდა ამისა, საჭირო იქნება ევროპელი მოკავშირეების მიერ ვალდებულებების და ხარჯების ზრდა. 

გაზეთის წყაროები ამბობენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა ამგვარ სცენარს რუსეთი დათანხმდეს. უკრაინელი ჩინოვნიკების თქმით, ნატოს სრულფასოვანი წევრობის გარდა ვერაფერი დაიცავს უკრაინას რუსეთისგან. "იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენ მიწვევას მივიღებთ, ეს არაფრის ტოლფასია, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა" - ამბობს უკრაინელი მაღალჩინოსანი.