The Financial Times "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე აქვეყნებს სტატიას სათაურით "საქართველოს მარიონეტების პატრონი მოსკოვისკენ ტრიალდება".
სტატიაში ბიძინა ივანიშვილი "ოლიგარქად" არის მოხსენიებული:
"მას შემდეგ, რაც 2012-2013 წლებში იგი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ოლიგარქი, რომლის ქონება 5 მილიარდი დოლარია, რაც ქვეყნის მშპ-ს ერთი მესამედის ტოლია, ძალაუფლებას, დიდწილად კულისებს მიღმა ფლობდა. თუმცა, გასულ კვირას იგი მთიდან ჩამოვიდა, რათა კონსპირაციული, ანტიდასავლური სიტყვით გამოსვლა ჰქონოდა, რომელშიც მან საქართველო წარმოადგინა, როგორც "ომის გლობალური პარტიის" და სამოქალაქო უფლებების დამცველ ჯგუფებს შორის მისი სავარაუდო აგენტების მსხვერპლი".
სტატიის ავტორების – ანასტასია სტოგნეისა და ბენ ჰოლის შეფასებით, "პროსამთავრობო მიტინგზე ივანიშვილის გამოსვლა იყო მხარდაჭერის დემონსტრირება უკიდურესად სადავო "უცხოური აგენტების" კანონის მიმართ".
როგორც გამოცემა აღნიშნავს, "კანონპროექტმა გამოიწვია ქვეყანაში ყველაზე დიდი დემონსტრაციები ბოლო ათწლეულების განმავლობაში".
"საქართველოს მთავრობის დაახლოება მოსკოვთან სამი წელია, მიმდინარეობს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მიუხედავად. მაგრამ ანალიტიკოსები და მთავრობის კრიტიკოსები ამბობენ, რომ "უცხოური აგენტების კანონი" და ივანიშვილის გამოსვლა, რომელშიც იგი კრემლის ხაზებს იმეორებდა, გარდამტეხ მომენტს ნიშნავს და რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ახლა ისევ რუსეთის ორბიტაზე ბრუნდება", - ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში ნათქვამია, რომ ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს, შესაძლოა, განპირობებული იყოს იმით, რომ როგორც ბევრი რუსი ოლიგარქის შემთხვევაში, ივანიშვილის ბიზნესინტერესებსაც საფრთხე ემუქრება, თუ იგი კრემლის ხაზს არ დაემორჩილება. კიდევ ერთი შესაძლო ახსნა, სტატიის მიხედვით, არის ის, რომ ივანიშვილი რეაგირებს ევროკავშირის მოთხოვნაზე - საქართველომ მკვეთრად შეზღუდოს ოლიგარქების გავლენა, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე.
როგორც გამოცემა იუწყება, მას კომენტარის მიღება ივანიშვილისგანაც სურდა, თუმცა მან შესაბამის თხოვნას არ უპასუხა.