რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, "ვაგნერის" ამბოხის საქმეზე დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიება შეწყდა.
"რუსეთის ფედერაციის ФСБ-ს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ 23 ივნისს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 279-ე მუხლით შეიარაღებული აჯანყების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, დადგინდა, რომ 24 ივნისს მისმა მონაწილეებმა შეწყვიტეს უშუალოდ დანაშაულის ჩადენისკენ მიმართული ქმედებები. ამ და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებების გათვალისწინებით 27 ივნისს საგამოძიებო ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის დახურვის შესახებ", - აცხადებენ FSB-ში.
23 ივნისს რუსეთის დაქირავებულმა კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერელების" ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა, რასაც პრიგოჟინის დაჯგუფების სამხედრო ამბოხი მოჰყვა. 23-24 ივნისს ვაგნერმა როსტოვისა და ვორონეჟის სამხედრო ობიექტები დაიკავა და მოსკოვს მიუახლოვდა.
რუსეთში სამხედრო არეულობას 24 ივნისს ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 5 წუთიანი ვიდეომიმართვით გამოეხმაურა და თქვა, რომ ვინც იარაღი აღმართა თანამებრძოლების წინააღმდეგ, უღალატა რუსეთს - ისინი პასუხს აგებენ.
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შუამავლობით მხარეებს შორის შეთანხმება დაიდო. პრიგოჟინი ბელარუსში გაემგზავრა, ამბოხის გამო მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება კი შეწყდა.