კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ცივილიზებული სამყაროს მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებულ "ვაგნერის მებრძოლებს შეუძლიათ, კონტრაქტები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმონ, სამსახური დატოვონ და გადავიდნენ ბელარუსში.
ამასთან, მან მადლობა გადაუხადა "ვაგნერელებს" იმისთვის, რომ აჯანყება "სისხლის ღვრით არ დასრულებულა". თუმცა მედია წერს, რომ მინიმუმ ოთხიდან 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა ჯანყს. ძირითადად ეკიპაჟის წევრები იმ საფრენი საშუალებებისა, რომლებიც "ვაგნერის" დაქირავებულებმა ჩამოაგდეს.
პუტინმა ასევე მადლობა გადაუხადა ბელარუსის ავტორიტარ ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოს "სიტუაციის მშვიდობიან დარეგულირებაში შეტანილი წვლილისთვის".
მისი მიმართვა დაახლოებით 5 წუთს გაგრძელდა. მანამდე პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა პირობა დადო, რომ ეს განცხადება „რუსეთის ბედს შეცვლის“.