ფინეთის პარლამენტმა მიიღო კანონმდებლობა, რომელიც საშუალებას აძლევს ქვეყანას საბოლოოდ გახდეს NATO-ს წევრი. გადაწყვეტილებას ფინეთის პარლამენტში მხარი 184-მა დეპუტატმა დაუჭირა, 7 წინააღმდეგი იყო.
შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გადაწყვიტეს. ალიანსში მათ გაწევრიანებას ყველა წევრი სახელმწიფო უნდა უჭერდეს მხარს. ამჟამად ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება თურქეთისა და უნგრეთის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამბობს, რომ ის მხარს უჭერს ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას, თუმცა ეწინააღმდეგება შვედეთის ალიანსში შესვლას.
შვედეთსა და თურქეთს შორის ვითარება განსაკუთრებით ბოლო პერიოდში დაიძაბა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, გასულ თვეში, სტოკჰოლმში გამართულ საპროტესტო აქციაზე ყურანის დაწვის თანამონაწილეობაში შვედეთის მთავრობა დაადანაშაულა.
ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში, გააქტიურდა უნგრეთი. უნგრეთის პრემიერის თქმით, მანამ, სანამ ქვეყნების გაწევრიანებაზე კენჭისყრა დაიწყება, საკითხზე უფრო ფართო დისკუსიაა საჭირო.