უკრაინაში შეჭრის გამო სომხეთს აღარ შეუძლია, რუსეთს, როგორც თავისი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გამოცემა POLITICO-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, რუსეთის შესაძლებლობები შეიცვალა. ჩვენი სტრატეგია ის უნდა იყოს, რომ ასეთ სიტუაციაში მაქსიმალურად შევამციროთ სხვებზე დამოკიდებულება. გვინდა, რომ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა გვქონდეს, მაგრამ უნდა გვქონდეს გზები, როგორ ავიცილოთ დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის შეჯახებების ცენტრში ყოფნა“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის ბლოკირებით „ჰუმანიტარული კრიზისი“ შექმნა და რუსეთმა ვალდებულებები ვერ შეასრულა.
„ეს ყველაფერი, რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის სფეროში უნდა ყოფილიყო და ვინაიდან ეს პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს, რუსეთმა თავისი მისია ვერ შეასრულა“, – განაცხადა ფაშინიანმა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ფაშინიანის მხრიდან მოსკოვის უჩვეულოდ მწვავე კრიტიკა აჩენს შეგრძნებას, რომ კრემლი კარგავს გავლენას პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელსაც ოდესღაც თავის პლაცდარმად მიიჩნევდა.