30 ნოემბერს 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრაზე შეიკრიბა.

უკრაინის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ მინისტერიალს მასში სერგეი ლავროვისა მონაწილეობისა და უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის გამო არ დაესწრებიან.

ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი მიიჩნევს, რომ ეუთოს მინისტერიალი დასავლური ქვეყნების ლიდერებს კარგ შესაძლებლობას მისცემს იმისთვის, რომ რუსეთს კიდევ ერთხელ აუხსნან, თუ რატომ აღმოჩნდა იზოლაციაში. უკრაინის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ერთობლივ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებებზე ლავროვის ყოფნა მოსკოვისთვის პროპაგანდის გავრცელების კიდევ ერთ კარგ შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობამ რუსულ თვითმფრინავებს მის ტერიტორიაზე დაშვების უფლება მისცა, რომელიც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად დელეგაციას ჩაიყვანს.

ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუჯარ ოსმანიმ ადრე განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაციის მონაწილეობა ეუთოს მინისტერიალში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან მისი ქვეყნისა და მეზობელი ქვეყნების საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის, ევროკავშირის სანქციებთან შეერთების გამო ჩაკეტილია. 

ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობის გადაწყვეტილება თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს საშუალებას აძლევს "მიიღონ დამატებითი გადაწყვეტილებები რუსული თვითმფრინავების ფრენისა და დაშვების ნებართვის გაცემის შესახებ, 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, სკოპიეში გასამართ ეუთოს მინისტრთა მეცამეტე შეხვედრის დროს."

"ეს დამატება შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციას და შემაკავებელი ზომების დებულებებს, რომლებიც ითვალისწინებენ გამონაკლისს საერთაშორისო კონფერენციებისთვის, როგორიცაა ეუთოს სამიტი სკოპიეში," - ნათქვამია განცხადებაში.