აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ისრაელის წინააღმდეგ გენოციდის ბრალდება უსაფუძვლოა. ამის შესახებ მან თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ეს ბრალდება განსაკუთრებით აღმაშფოთებელია იმის გათვალისწინებით, რომ ისინი, ვინც თავს ესხმიან ისრაელს – "ჰამასი, "ჰეზბოლა", ჰუსიტები და მათი ირანელი მხარდამჭერები, აგრძელებენ ღიად მოწოდებას ისრაელის განადგურებისა და ებრაელების მასობრივი მკვლელობისკენ", – განაცხადა ბლინკენმა.
ცნობისთვის, სამხრეთ აფრიკამ ისრაელს ღაზაში "გენოციდური ქმედებების" გამო მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) უჩივლა.
"სამხრეთ აფრიკამ სთხოვა ICJ-ს გამოიყენოს დროებითი ღონისძიება პალესტინელი ხალხის დასაცავად და უზრუნველყოს ისრაელის მიერ გენოციდის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება – არ ჩაერთოს გენოციდში, თავიდან აიცილოს და დასაჯოს გენოციდი“, – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მისივე ცნობით, საქმის მოსმენა 11-12 იანვარს გაიმართება. სამხრეთ აფრიკა თავისი ზეპირი არგუმენტების წარდგენას 11 იანვარს გეგმავს , ხოლო ისრაელი – 12 იანვარს.
ისრაელის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისრაელი წარდგება ICJ-ს წინაშე "სამხრეთ აფრიკის აბსურდული ცილისწამების გასაქარწყლებლად".