ასეთი განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ელჩებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

ემანუელ მაკრონმა, საფრანგეთის ელჩებთან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა ამერიკელი მილიარდერის მხრიდან გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის", მუდმივი მხარდაჭერა და თქვა, რომ მასკი „ახალი რეაქციული ინტერნაციონალის" მხარდამჭერია.

ათი წლის წინ ვინმეს რომ ჩვენთვის ეთქვა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სოციალური ქსელის მფლობელი მხარს უჭერდა ახალ რეაქციულ საერთაშორისო მოძრაობას და პირდაპირ ერეოდა არჩევნებში, მათ შორის გერმანიაში, გაგვიჭირდებოდა წარმოდგენა, - განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ „დესტაბილიზაციური ძალები“ საფრთხეს უქმნიან დემოკრატიულ წესრიგს.

მან გაიხსენა, რომ გასული წლის დეკემბერში რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაუქმდა გარე ჩარევის გამო, სავარაუდოდ, რუსეთის მხრიდან და ასევე, დაადანაშაულა აზერბაიჯანი საფრანგეთის საზღვარგარეთის ტერიტორიების, განსაკუთრებით, ახალი კალედონიის პოლიტიკაზე ზემოქმედებაში.

ელჩებთან სიტყვით გამოსვლისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ისევე როგორც ნორვეგიის პრემიერმა იონას გაჰრ სტორემ, თავი შეიკავა მილიარდერის სახელის ხსენებისგან, თუმცა, ეჭვგარეშეა, ვისზე ლაპარაკობდა თითოეული მათგანი.

„მაწუხებს, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს უზარმაზარი წვდომა სოციალურ ქსელებზე და უზარმაზარი ეკონომიკური რესურსები, ასე პირდაპირ ერევა სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში“, - განუცხადა სტორემ ნორვეგიის საზოგადოებრივ მაუწყებელს და დაამატა: „ასე არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიებს და მოკავშირეებს შორის“.

უკვე რამდენიმე კვირაა, ევროპაში იზრდება შიში, რომ მასკი სოციალური ქსელების ბაზარზე თავის პოზიციას იყენებს ძველი კონტინენტის ქვეყნებში მემარჯვენე ძალების პოპულარიზაციისთვის. მან გაკვირვება გამოხატა რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების გამო, მხარი დაუჭირა AfD -ს და ბოლო დღეებში დაიწყო ინგლისის პრემიერ-მინისტრზე შეტევა და ციხეში მყოფი ულტრამემარჯვენე ტომი რობინსონის მხარდაჭერის კამპანია წამოიწყო. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ევროპის კონტინენტზე მემარჯვენე ძალებმა წარმატებას მიაღწიეს იტალიაში, ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, რუმინეთში.