ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობა კონფლიქტის ესკალაციას კი არ გამოიწვევს, არამედ დაასრულებს კონფლიქტს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა „ეიბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც „ეიბისი ნიუსი“ აღნიშნავს, ნეთანიაჰუ აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობას არ გამორიცხავს.

ჟურნალისტის კითხვაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო ირანის სულიერი ლიდერის მკვლელობის გეგმა, რადგან ეშინოდა კონფლიქტის ესკალაციის, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ, მისი აზრით, ეს დაასრულებს კონფლიქტს.

„ეს არ გამოიწვევს კონფლიქტის ესკალაციას, არამედ კონფლიქტს დაასრულებს. მუდმივი ომი – ეს არის ის, რაც ირანს სურს და ისინი ბირთვული ომის ზღვარზე გვაყენებენ. რეალურად, ეს არის ის, რასაც ისრაელი აკეთებს, ამას უშლის ხელს, აჩერებს ამ აგრესიას და ამას მხოლოდ ბოროტების ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევით შევძლებთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

კითხვაზე, ნამდვილად ამოიღებს თუ არა მიზნად ისრაელი ირანის სულიერ ლიდერს, ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელი „აკეთებს იმას, რაც საჭიროა“.

„დეტალებში არ ჩავალ, მაგრამ მათი ყველაზე მაღალი რანგის ბირთვული მეცნიერები დავისახეთ მიზნად. ეს, ფაქტობრივად, ჰიტლერის ბირთვული გუნდია“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ირანის ბირთვული პროგრამის ლიკვიდაციის მცდელობაში ისრაელის მხარდაჭერა აშშ-ის ინტერესებშია.

„დღეს თელ ავივია, ხვალ ნიუ იორკი იქნება. ისინი სკანდირებენ „სიკვდილი ამერიკას“. ასე რომ, ჩვენ ვაკეთებთ რაღაცას კაცობრიობისთვის. ეს არის სიკეთის ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ. ამერიკა დგას სიკეთის მხარეს. სწორედ ამას აკეთებს პრეზიდენტი ტრამპი და მე ძალიან ვაფასებ მის მხარდაჭერას“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომლისთანახმადაც, ირანმა პარტნიორებს სიგნალი მისცა, რომ ცდილობს ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების განახლებას.

„გაკვირვებული არ ვარ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ სურთ, გააგრძელონ ეს ყალბი მოლაპარაკებები, სადაც ისინი იტყუებიან, ატყუებენ აშშ-ს. ჩვენ ამის შესახებ ძალიან მყარი ინფორმაცია გვაქვს. მათ სურთ, განაგრძონ თავიანთი ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების არსენალის შექმნა, რომლებსაც ისინი ჩვენს ხალხს ესვრიან. მათ სურთ, განაგრძონ ისრაელის წინააღმდეგ ორი ეგზისტენციალური საფრთხის შექმნა. ეს არ მოხდება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.