რუსეთის არმიის წინსვლის ფონზე უკრაინის ხელისუფლებამ დონეცკის ოლქში 14 დასახლებული პუნქტიდან იმ ოჯახების იძულებითი ევაკუაცია დაიწყო, რომლებსაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ.

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, საუბარია ქალაქ ბელოზიორსკოეზე; დასახლებებზე – ბლაგოდატი, ბოკოვოე, ვესოლოე პოლე, ვესნა, მიროვოე, ნოვოვოდიონოე, სვიატოგოროვკა, ვიქტოროვკა, ვეროვკა, კოპანი, ნოვოვიქტოროვკა, ნოვოუკრაინკა და დობროპოლიეს თემში შემავალ სოფელ სტეპზე.

ამ დასახლებულ პუნქტებში ამჟამად 1150 ბავშვი იმყოფება.

იძულებითი ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილება საგანგებო სიტუაციების რეგიონული კომისიის სხდომაზე იყო მიღებული.

მოგვიანებით, დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ქალაქ პოკროვსკში ამ დრომდე რჩება 1327 ადამიანი და ქალაქში სიტუაცია უკიდურესად რთულია.

„მტერი ცეცხლს უხსნის ქალაქისკენ მიმავალ ყველა გზას, ამიტომ ევაკუაცია კრიტიკულად შეფერხებულია“, – აცხადებენ დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის, დღეს დილით უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში განაცხადეს, რომ ბოლო 24 საათში ფრონტზე 165 საბრძოლო შეტაკება მოხდა. მათივე ცნობით, რუსეთის არმიამ უკრაინის არმიის პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე ორი სარაკეტო და 89 საავიაციო დარტყმა განახორციელა.

ამასთან, რუსმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გახსნეს 5120-ჯერ, მათ შორის 64-ჯერ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. რუსეთმა ასევე გამოიყენა 4166 დრონი.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ პოკროვსკის მიმართულებაზე ბოლო 24 საათში უკრაინელმა სამხედროებმა შეაჩერეს რუსეთის არმიის 47 შეტევა.

თარგმანი: პირველი არხი