პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა 30 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ხისტად გააკრიტიკა უნგრელი კოლეგა ვიქტორ ორბანის უკრაინის დახმარების თაობაზე მისი პოზიციის გამო.
ტუსკის თქმით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, „ევროპაში ბევრი რამ შეიცვალა“: „ვიქტორ ორბანი მარტო დარჩა ბრძოლის ველზე, ის ასე აშკარად ანტიუკრაინული განწყობის ერთადერთი პოლიტიკოსია“.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ ევროპელი ლიდერები მყარნი არიან გადაწყვეტილებაში, მხარი დაუჭირონ უკრაინას.
"ეჭვგარეშეა, ვიქტორ ორბანს ძალიან სერიოზული გამოცდა ელის. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ამა თუ იმ გზით ვიპოვით რაიმე სახის გამოსავალს უკრაინის მხარდასაჭერად - ორბანთან ერთად ან მის გარეშე", - თქვა ტუსკმა და დასძინა, "მაგრამ უკეთესი იქნებოდა, ყველანი უკეთ ვიგრძნობდით თავს, თუ შენარჩუნებული იქნებოდა ევროპის ერთიანობა ამ საკითხზე. და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ".
ევროკავშირის მომავალი სამიტი 1 თებერვალს უნდა გაიმართოს. Financial Times წერდა, რომ ევროკავშირმა შესაძლოა გადადგას ნაბიჯები უნგრეთის ეკონომიკის წინააღმდეგ, თუ ბუდაპეშტი გააგრძელებს უკრაინის გეგმური დახმარების ბლოკირებას 1 თებერვალს ევროკავშირის სამიტზე.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში უნგრეთმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი დაბლოკა.