უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრისას შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მხარდაჭერა გამოხატა.
„მე ახლახან დავასრულე სატელეფონო საუბარი NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან. დავადასტურე, რომ უნგრეთის მთავრობა მხარს უჭერს შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას. ასევე, ხაზი გავუსვი, რომ მოვუწოდებთ უნგრეთის ეროვნულ ასამბლეას, ხმა მისცეს შვედეთის გაწევრიანებას და რატიფიკაციის პროცესი პირველი შესაძლებლობისთანავე დაასრულოს“, - ვიქტორ ორბანი.
23 იანვარს თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილების ძალაში შესასვლელად რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმოწერაა საჭირო.
ამჟამად, NATO-ს ერთადერთი წევრი სახელმწიფო, რომლის პარლამენტსაც შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხის განხილვა ამ დრომდე არ დაუწყია, უნგრეთია.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ფინეთმა და შვედეთმა სამხედრო ნეიტრალიტეტზე უარი განაცხადეს და NATO-ს წევრობის შესახებ განაცხადი შეიტანეს. ფინეთი ალიანსს 2023 წლის აპრილში შეუერთდა.