აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და კიდევ 18 პირს ჯორჯიის შტატში 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს.
ჯორჯიის შტატის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიის 98-გვერდიანი საბრალდებო დასკვნა 41 პუნქტისგან შედგება.
მასში ბრალდებულები მოხსენიებული არიან, როგორც „კრიმინალური ორგანიზაცია“ და მათ სხვადასხვა დანაშაულში ედებათ ბრალი, მათ შორის: ცრუ განცხადებებისა და ნაწერების გაკეთებაში, საჯარო მოხელედ თავის გასაღებაში, დოკუმენტების გაყალბებაში, ყალბი დოკუმენტების წარდგენაში, მოწმეებზე ზემოქმედებაში, სახელმწიფოს მოტყუების მიზნით შეთქმულებაში, ცრუ ჩვენების მიცემაში და სხვა. გამოძიების ჩატარება, ნაწილობრივ, გამოიწვია გაჟონილმა სატელეფონო ჩანაწერმა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯიის საარჩევნო უწყების უმაღლეს თანამდებობის პირს „11 780 ხმის მოძიებას“ სთხოვს.
აღსანიშნავია, რომ ეს ტრამპისთვის წაყენებული რიგით მეოთხე ბრალდებაა. კერძოდ, მას უკვე წაუყენეს ბრალი სამ სხვა საქმეში - შეთქმულება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაუქმებლად; საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ შენახვა; ჩანაწერების გაყალბება პორნოვარსკვლავის დუმილისთვის ფულის გადახდის დასაფარად.
დონალდ ტრამპი ამჟამად 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებს შორის ლიდერობს. იგი ამბობს, რომ გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებულია.