აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის კონტროლი ვენესუელაზე შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს - ერთ წელზე გაცილებით მეტხანს. ამის შესახებ მან The New York Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ვენესუელაში ამერიკელების ყოფნისა და პოლიტიკური ზელმზღვანელობის ხანგრძლივობის შესახებ კითხვაზე ტრამპმა კონკრეტული თარიღები არ დაასახელა.
როდესაც ჰკითხეს, რამდენიმე თვეზე საუბრობდა თუ ერთ წელზე, მან უპასუხა: "მე ვიტყოდი, რომ გაცილებით მეტხანს".
პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატები ვენესუელაში ნავთობის წარმოების კონტროლს და მის გამოყენებას გლობალური ენერგომატარებლების ფასების შესამცირებლად გეგმავს. ამავდროულად, შემოსავლის ნაწილი, როგორც ტრამპი აცხადებს, თავად ვენესუელაში გაიგზავნება.
მან აღნიშნა, რომ ქვეყნის დროებითი ადმინისტრაცია, რომელიც პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ყოფილი მხარდამჭერებისგან შედგება, "ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველაფერს აძლევს, რასაც ის საჭიროდ მიიჩნევს".
ტრამპმა თავი აარიდა ვენესუელაში შესაძლო არჩევნების გამართვის შესახებ დასმულ შეკითხვას და პირდაპირ არ თქვა, მზად იყო თუ არა სამხედრო ძალის გამოსაყენებლად ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან წინააღმდეგობის შემთხვევაში.
მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მეშვეობით, კარაკასის მოქმედ ადმინისტრაციასთან მუდმივ კონტაქტს ინარჩუნებს.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს მომავალში ვენესუელაში ვიზიტს და გამოთქვა რწმენა, რომ დროთა განმავლობაში ქვეყანაში სიტუაცია "უსაფრთხო გახდება".








