შეერთებული შტატების პრეზიდენტი იმუქრება, რომ „ძალიან მკაცრ ზომებს“ მიიღებს, თუ ირანის ხელისუფლება ამ კვირაში ანტისამთავრობო მომიტინგეების ჩამოხრჩობას დაიწყებს.

„ჩვენ ძალიან მკაცრ ზომებს მივიღებთ. თუ ასე მოიქცევიან, ჩვენც ძალიან მკაცრ ზომებს მივიღებთ“, - განუცხადა ტრამპმა CBS Evening News-ის წამყვანს ექსკლუზიურ ინტერვიუში.

სამშაბათს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა განაცხადა, რომ ირანელი ოფიციალური პირები „მაღალ საფასურს გადაიხდიან“ ნებისმიერი ძალადობისთვის და ირანელ მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ „დახმარება გზაშია“. მან თქვა, რომ ირანელ ოფიციალურ პირებთან ყველა შეხვედრას გააუქმებს მანამ, სანამ მკვლელობები არ შეწყდება.

ინტერვიუს დროს ბატონმა ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ირანის მოქალაქეებისთვის „დიდი დახმარებაა მოსალოდნელი“ და ამ დახმარებას მათ სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ეკონომიკური დახმარების სახით მიაწვდიან. მან ახსენა გასულ წელს აშშ-ის მიერ ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე განხორციელებული საჰაერო დარტყმები, თუმცა სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

კითხვაზე, რა არის მისი საბოლოო მიზანი ირანში, პრეზიდენტმა უპასუხა: „საბოლოო მიზანი გამარჯვებაა. მე მიყვარს გამარჯვება“.

კითხვაზე, თუ რას ნიშნავდა „გამარჯვება“, მან ჩამოთვალა სამხედრო ოპერაციები, რომლებიც მან პირველი და მეორე ვადის განმავლობაში განახორციელა: ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროს, ბოლოდროინდელი დაკავება, 2019 წლის ოპერაცია სირიაში, რომელიც ISIS-ის დამფუძნებლის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მკვლელობით დასრულდა და 2020 წელს ირანის ელიტური „ყუდსის ძალების“ ხელმძღვანელის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობა.