ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ ჩინეთი ბოლო წლებში "უფრო აგრესიული და თავდაჯერებული" გახდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან პრემიერის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ Bloomberg წერს.
კამერონმა აღნიშნა, რომ "ბევრი შეიცვალა" ჩინეთის ქცევაში მას შემდეგ, რაც ის ბრიტანეთის მთავრობას ხელმძღვანელობდა და თბილ ურთიერთობას ინარჩუნებდა პეკინთან.
მისი თქმით, ჩინეთის მიერ უიღური მუსლიმების ჩაგვრა და ჰონკონგში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა დასავლეთში ქვეყნის მიმართ სკეპტიკურ განწყობას ზრდის.
ამავდროულად, მან ისაუბრა აზიურ ქვეყანასთან სათანადო "ჩართულობის" აუცილებლობაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და ხელოვნური ინტელექტი, რადგან ჩინეთი წარმოადგენს "კაცობრიობის მეხუთედს."
კამერონმა ასევე თავი გაიმართლა პრემიერ მინისტრობის დროს ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისთვის. მან თქვა, რომ მხარი დაუჭირა პეკინის მიერ დაფინანსებულ პროექტს შრი-ლანკაში, როგორც ამ ქვეყნის "მეგობარმა."
2015 წელს პრემიერ-მინისტრმა კამერონმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ბრიტანეთის ურთიერთობებში "ოქროს ხანა" იყო, თუმცა შემდგომში ეს ურთიერთობა გაუარესდა.