აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი კონგრესმენების უდიდესმა უმრავლესობამ, რესპუბლიკელ კოლეგებთან ერთად, 24 ივნისს მხარი არ დაუჭირეს ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის გამო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტზე კენჭისყრის გამართვას.

დემოკრატმა კონგრესმენმა ალ გრინმა წარმომადგენელთა პალატაში იძულებით დააყენა ხუთგვერდიან იმპიჩმენტის რეზოლუციაზე კენჭისყრის საკითხი, რომელშიც იგი ტრამპს ბრალს სდებდა "ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უგულებელყოფასა" და "ომის გამოცხადებაზე კონგრესის უფლებამოსილების არაკონსტიტუციური უზურპაციით ამერიკული დემოკრატიის ავტორიტარიზმად გადაქცევაში". 

რეზოლუციის მიხედვით, ტრამპმა კონგრესისგან არ ითხოვა თანხმობა ირანზე იერიშების მიტანისთვის ან არ წარუდგინა მას საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ასახავდა ამერიკული ძალების წინააღმდეგ "მყისიერ საფრთხეს". 

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში 344-მა კონგრესმენმა 79-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რესპუბლიკელების წინადადებას გრინის მიერ წარდგენილი იმპიჩმენტის მუხლების "გადადებაზე," რაც ფაქტობრივად პროცესის ჩავარდნას გულისხმობდა. 

რესპუბლიკელ კოლეგებთან ერთად გრინის წინააღმდეგ ხმა 128 დემოკრატმა კონგრესმენმა მისცა, ხოლო 79-მა დემოკრატმა იმპიჩმენტის მუხლების განსახილველად წარდგენას მხარი დაუჭირა. 

128 მოწინააღმდეგეს შორის იყვნენ წარმომადგენელთა პალატის დემოკრატთა უმცირესობის ლიდერი ჰაკიმ ჯეფრისი და პალატის ყოფილი სპიკერი ნენსი პელოსი.