ბოლო პერიოდში რუსეთი უკრაინის საჰაერო თავდაცვითი ძალების გადატვირთვისა და დაბნევის მცდელობის მიზნით ზედმეტად ბევრ საბრძოლო მასალას ხარჯავს, – იუწყება CNN ამერიკელი ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
"რუსულმა ძალებმა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ძალიან დიდი საჰაერო თავდასხმები განახორციელეს, მათი სამიზნე სამეთაურო-საკონტროლო ცენტრებია. რუსეთმა სარაკეტო თავდასხმები გააძლიერა, რათა უკრაინა აიძულოს, გადადოს კონტრშეტევა", – აცხადებს ამერიკელი ოფიციალური პირი.
მისი განცხადებით, "აღნიშნული თავდასხმები შესაძლოა, უკრაინისთვის სარგებლის მომტანიც კი იყო, რადგან რუსეთი სულ უფრო მეტად ხარჯავს იარაღის შეზღუდულ მარაგს".
რუსეთი ამჟამად ყველაზე მეტად უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღებაზეა კონცენტრირებული. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა ბახმუტის შემოგარენში, ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებებით მტრისგან 20კმ² ტერიტორია გაათავისუფლეს.
გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას „ცოტა მეტი დრო“ სჭირდება, სანამ კონტრშეტევას დაიწყებს.