უკრაინასა და რუსეთს შორის ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება, ალბათ, არ იქნება სამართლიანი, მაგრამ სამშვიდობო ხელშეკრულებისკენ სწრაფვა უნდა გაგრძელდეს, - განაცხადა გუშინ, 21 აგვისტოს, ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა.
სამართლიანი მშვიდობა, თუ მას წარმოვიდგენთ ასი პროცენტიდან ნულამდე მასშტაბით, ნიშნავს, რომ უკრაინა მთელ ტერიტორიაზე, ყირიმის ჩათვლით, აღადგენს კონტროლს და აგრესორი სრულად აანაზღაურებს მიყენებულ ზარალს, მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს, ალბათ, ოცნებაა. სინამდვილეში, საბოლოო შედეგი ცოტათი განსხვავებული იქნება, მაგრამ ჩვენი მიზანი უნდა იყოს რაც შეიძლება ახლოს მივიდეთ სამართლიან მშვიდობასთან, - თქვა პეტრ პაველმა
მისი თქმით, თუ იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებები, მაშინ, დიდი ალბათობით, დიდხანს იქნება საუბარი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციაზე. დემოკრატიულმა ქვეყნებმა, რომლებიც საერთაშორისო სამართლის ნორმების და გაეროს წესდების დაცვის აუცილებლობას აღიარებენ, პატივი უნდა სცენ მეომარ მხარეებს შორის შეთანხმებას, მაგრამ არ მიიღონ აგრესიის საფუძველზე საერთაშორისო საზღვრების შეცვლა. უკრაინის მიერ სუვერენიტეტის აღდგენის პროცესის დროს ჩვენ დროებით ოკუპირებულად უნდა ჩავთვალოთ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
მიზანი არის უკრაინის მიერ რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის გათავისუფლება, თუმცა ყველას ესმის, რომ რუსეთი არ არის რომელიღაც ქვეყანა, ის არის ქვეყანა, რომელსაც აქვს უზარმაზარი ბირთვული არსენალი, უზარმაზარი სამხედრო და მატერიალური რესურსები. რუსეთს შეუძლია ამ ინტენსივობის ომი მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში აწარმოოს და რა თქმა უნდა, ეს არავის ინტერესში არა. ასე რომ, თუ კონფლიქტის შეწყვეტის საფასური იქნება რაიმე სახის სახის დროებითი შეთანხმება, რომელიც კომპრომისად გადაიქცევა, მაშინ ვფიქრობ, რომ ეს კარგი გზაა, - დასძინა პეტრ პაველმა.
ამ კვირის დასაწყისში ჩეხეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ უკრაინას უნდა მიეცეს ნატოში გაწევრიანების უფლება, მაშინაც კი, თუ იგი ვერ შეძლებს მთელი თავისი ტერიტორიის დაბრუნებას.