აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ იზიარებს სამხრეთ კორეის შეშფოთებას ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის მზარდი სამხედრო თანამშრომლობის გამო, რაც მოიცავს შეიარაღების ნაკადებს და ტექნიკურ მხარდაჭერას. ამის შესახებ მან სეულში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარების სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეამ შეიძლება რუსეთისგან ბალისტიკური რაკეტების პროგრამებში, ბირთვულ და კოსმოსურ ტექნოლოგიებში მიიღოს მხარდაჭერა.
"ჩვენ გვაქვს რეალური შეშფოთება ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების პროგრამების, მისი ბირთვული ტექნოლოგიების, კოსმოსური შესაძლებლობების ნებისმიერი მხარდაჭერის შესახებ. ჩვენ ვმუშაობთ ამ ძალისხმევის იდენტიფიცირებაზე, გამოვლენაზე და საჭიროების შემთხვევაში წინააღმდეგობაზე," - თქვა ბლინკენმა.
შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა დაგმეს ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება.
ბლინკენმა და სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა პარკ ჯინმა ასევე განიხილეს ე.წ. გაფართოებული შეკავების სტრატეგია ჩრდილოეთ კორეის საფრთხეების დასაძლევად.
ოქტომბერში თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 1000 კონტეინერი სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა მიაწოდა.
სამხრეთ კორეის სამხედრო დაზვერვის შეფასებით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი მიაწოდა და ასევე რუსეთში საბრძოლო მასალის გამოყენების სასწავლებლად მრჩევლები გაგზავნა.
გარდა ამისა, მოსკოვმა შესაძლოა მცირე დიაპაზონის ბალისტიკური რაკეტები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და გადასატანი საზენიტო რაკეტები, აგრეთვე სნაიპერული შაშხანები, რაკეტების გამშვები ნაღმსატყორცნები და ჭურვები მიიღო.