პალესტინის აღიარებას აკრიტიკებს ისრაელი. ქვეყნის საგარეო უწყების განმარტებით, აღიარება სხვა არაფერია, თუ არა ჯილდო ჯიჰადისტური "ჰამასისთვის", რომელსაც გაერთიანებულ სამეფოში აფილირებული მისი "მუსლიმური საძმო" აძლიერებს. საგანგებო განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

"მე მაქვს მკაფიო გზავნილი იმ ლიდერებისთვის, რომლებიც 7 ოქტომბრის საშინელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ აღიარებენ პალესტინის სახელმწიფოს - თქვენ უზარმაზარ ჯილდოს აძლევთ ტერორს. მე მაქვს კიდევ ერთი გზავნილი - ეს არ მოხდება, პალესტინის სახელმწიფო იორდანიის დასავლეთით არ შეიქმნება", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, 21 სექტემბერს პალესტინის სახელმწიფოებრიობა კანადამ, გაერთიანებულმა სამეფომ და ავსტრალიამ აღიარეს, ხოლო გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრაზე იგივე ნაბიჯის გადადგმას კიდევ 7 ქვეყანა აპირებს.