ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემა ახლო აღმოსავლეთში ახალი თავის დასაწყისია და პირობა დადო, რომ ისრაელი გააგრძელებს მუშაობას რეგიონის სახის შესაცვლელად, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ნეთანიაჰუს მტკიცებით, რეჟიმის ჩამოშლა პირდაპირი შედეგია იმ დარტყმების, რაც ისრაელმა ასადის მთავრობის მხარდამჭერებს, "ჰეზბოლას" და ირანს მიაყენა.

მისი თქმით, "ჰეზბოლას" ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია გადამწყვეტია ირანის ეგრეთ წოდებული წინააღმდეგობის ღერძის შესუსტებისთვის, რომელიც მოიცავს მოკავშირე სახელმწიფოებსა და გასამხედროებულ დაჯგუფებებს.

"ვინც ჩვენთან თანამშრომლობს, ის მოიგებს. ვინც ჩვენს წინააღმდეგაა, წააგებს", - განაცხადა მან.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი გააგრძელებს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას გოლანის მაღლობებზე ყოფნის შენარჩუნებით.

"გოლანის მაღლობები სამუდამოდ იქნება ისრაელის სახელმწიფოს ნაწილი", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, ნეთანიაჰუმ კვირას განაცხადა, რომ მან სამხედროებს დაავალა, კონტროლი დააწესონ ბუფერულ ზონაზე, რომელიც ისრაელის მიერ ოკუპირებულ გოლანის მაღლობებს დანარჩენი სირიისგან ყოფს.