აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უარყოფენ ინფორმაციას, რომ მიმდინარეობს საუბრები ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ბრიფინგის დროს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
კირბის შეკითხვა დაუსვეს NATO-ს წევრობის სანაცვლოდ უკრაინის ტერიტორიების შესახებ დისკუსიებთან დაკავშირებით, რაზედაც კირბიმ უპასუხა“ „მსგავსი არაფერია. ეს ასე არ არის“.
მან აღნიშნა, რომ აშშ-ის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ უკრაინა გახდება NATO-ს წევრი, რაც ალიანსის წევრი ქვეყნების ხელისუფლებებმა ვილნიუსის ბოლო სამიტზე დაადასტურეს.
„ამჟამად ძირითადი ყურადღება კონცენტრირებულია უკრაინის დახმარებაზე რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ტერიტორიების დაბრუნებაზე, რომელიც სრულად ეკუთვნის უკრაინას. ისინი პროგრესს ყოველდღიურად აღწევენ და ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას“, - განაცხადა კირბიმ.