რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის პრესმდივნის კირა იარმიშის განცხადებით, პოლიტიკოსის ცხედარს ოჯახს კიდევ 14 დღე არ გადასცემენ.
"კიდევ ერთხელ ვიტყვი: ნავალნის ცხედარს მალავენ მკვლელობის კვალის წასაშლელად. 14-დღიანი „ქიმიური ტესტი“ უხეში ტყუილი და დაცინვაა”, – აცხადებს იარმიში.
47 წლის ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გაავრცელა რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურმა.
უწყების მტკიცებით, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს.
პოლიტიკოსის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა თქვა, რომ ადვოკატმა პატიმარი ოთხშაბათს მოინახულა და მაშინ ნავალნი თავს კარგად გრძნობდა. საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიამაც განაცხადა, რომ ნავალნი ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა. პროპაგანდისტული მედია ავითარებს თრომბის ვერსიას.
ალექსეი ნავალნის დედამ დაწერა, რომ შვილი 12 თებერვალს მოინახულა და რომ ის "ცოცხალი, ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე" იყო.