„დიდი შვიდეულის" (G7) საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდეს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის სიკვდილის გარემოებები გამოიძიოს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, იაპონიის და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ მიღებულ განცხადებაში.
შეხვედრა გაიმართა მიუნხენში, სადაც ამ დღეებში უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია იმართება. როგორც იტალია იტყობინება, რომელიც G7-ს თავმჯდომარეობს, შეხვედრა ნავალნის ხსოვნისადმი წუთიერი დუმილით დაიწყო.
"მისი იდეების და თავისუფლებისთვის, ასევე რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ნავალნი ფაქტობრივად სიკვდილით დასაჯეს", - თქვა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ.
ნავალნის გარდაცვალების გარემოებების გამოძიების გარდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელებმა რუსეთში პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს.