სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი აშშ-ს სთხოვს, შეარბილოს სანქციები სერბეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიმართ, რომელსაც ნაწილობრივ რუსული „გაზპრომი“ ფლობს.
ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
ვუჩიჩი აშშ-ს სთხოვს, მეტი დრო მისცეს ქვეყანას, რათა „გაზპრომის“ მფლობელობაში მყოფი სერბეთის ერთადერთი ნავთობის გადასამუშავებელი ქარხნის საკითხის მოგვარება შეძლოს.
ვუჩიჩის თქმით, პანჩევოში მდებარე ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას ნავთობის მარაგი, მაქსიმუმ, 20 ნოემბრამდე აქვს.
სერბეთის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ აშშ, სულ მცირე, დეკემბრის შუა რიცხვებამდე, არ დაიწყებს მეორადი სანქციების დაწესებას, რადგან სწორედ ამ დროისთვის გეგმავს სერბეთი, მოაგვაროს „გაზპრომნეფტის“ წილთან დაკავშირებული საკითხი.
ვუჩიჩი ასევე მოუწოდებს აშშ-ის ადმინისტრაციას, არ დასაჯონ სერბეთის ბანკები, რომლებიც ამუშავებენ საცალო და სხვა გადახდებს სანქცირებული ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურებზე.
ცნობისთვის, სერბეთის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ სანქციები ძალაში 9 ოქტომბერს შევიდა.
აშშ-ში აცხადებდნენ, რომ სერბეთისგან ელოდებიან დამოკიდებულების შემცირებას რუსულ „გაზპრომზე“, რაც რუსეთის კომპანიის წილის გამოსყიდვის ან ნაციონალიზაციის გზით უნდა მოხდეს. თუმცა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი უარყოფს ნაციონალიზაციის ვარიანტს, ხოლო რუსეთის მხარე ამ ეტაპზე წილის გაყიდვაზე არ თანხმდება.
მედიის ცნობით, აშშ-ის სანქციების გამო სერბეთის ერთადერთი ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა შეიძლება გაჩერდეს.
თარგმანი: პირველი არხი








