საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ნიუ იორკში, სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა.
კოლეგებს შორის შეხვედრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მათი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უკანასკნელ პერიოდში საქართველოსა და სერბეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობა სულ უფრო დინამიკურ ხასიათს იძენს. პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა მიხეილ ყაველაშვილი სერბეთში მიიწვია, თავის მხრივ, მიხეილ ყაველაშვილმა კი კოლეგა საქართველოში დაპატიჟა.
შეხვედრაზე კოლეგებმა ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.