ვლადიმირ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - ეს 2022 წლის შემდეგ 2 პრეზიდენტს შორის პირველი საუბარია. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს - აქამდე ბოლო სატელეფონო საუბარი მაკრონსა და პუტინს შორის 2022 წლის სექტემბერში შედგა.
"უკრაინის თემის განხილვისას ვლადიმირ პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინული კონფლიქტი დასავლური ქვეყნების პოლიტიკის პირდაპირი შედეგია"- ნათქვამია პრესრელიზში.
ოფიციალურ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის პრინციპული მიდგომა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რომელსაც გრძელვადიანი, კომპლექსური ხასიათი უნდა ჰქონდეს და კონფლიქტის პირველადი მიზეზების მოგვარებას ითვალისწინებდეს და ახალ ტერიტორიულ რეალიებს ეფუძნებოდეს."