დღეს ეკლესიის მდგომარეობის შესახებ სსრკ-ს ეპოქაში ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება. ცალკეული თავგზააბნეული ან ინსტრუირებული პირნი ეწევიან სსრკ-ს რომანტიზაციას და იდეალიზაციას. ვისაც აინტერესებს საქართველოს მართლმადიდებლური, სამოციქულო ეკლესიის მდგომარეობა საბჭოთა კავშირის დროს, უნდა გაეცნოს პროფ. სერგო ვარდოსანიძის მიმოხილვითი ხასიათის ამ წერილს, სადაც ყოველივე მოკლედ, ზოგად შტრიხებში, მაგრამ ძალიან საქმიანად და საინტერესოდ არის წარმოდგენილი - ამის შესახებ საქართველოს დესპანი გერმანიაში კონსტანტინე გამსახურდია წერს და აქვეყნებს პროფესორ სერგო ვარდოსანიძის წერილს, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ:
სერგო ვარდოსანიძე, ეკლესიის კონტროლის საბჭოური მოდელი XX საუკუნის 40-80 იან წლებში
***
1917 წლის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ რუსეთში დაიწყო მართლმადიდებელი ეკლესიის სასტიკი დევნა. ვლადიმერ ლენინი, ლევ ტროცკი, ემელიან იაროსლავსკი რუსეთის ეკლესიასთან თანამშრომლობას შეუძლებლად მიიჩნევდნენ. ლენინის აზრით: “რელიგიის მიმართ რკბ პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ არ დავჯერდეთ სახელმწიფოსაგან ეკლესიის და ეკლესიიდან უკვე სკოლის დეკრეტირებულ გამოყოფას, პარტია მიისწრაფვის სრულად მოშალოს კავშირი ექსპლოატატორულ კლასებსა და რელიგიური პროპაგანდის ორგანიზაციას შორის, აგრეთვე გაათავისუფლოს მშრომელი მასები რელიგიური ცრურწმენისაგან აწყობს ამისათვის ფართო სამეცნიერო-საგანმანათლებლო და ანტირელიგიურ პროპაგანდას.1 (ვ. ლენინი, თხზ. ტ. 29, გვ.143. ) ხელისუფლება არ დასჯერდა ანტირელიგიურ პროპაგანდას და დაიწყო სასულიერო პირების დაპატიმრება, ეკლესიების ადმინისტრაციული წესით დახურვა. სამოქალაქო ომის შიმშილის და სხვა სიძნელეების დროს რუსეთის სახკომსაბჭოს თავმჯდომარემ ვ. ლენინმა ამ შინაარსის წერილით მიმართა პარტიულ უჯრედებს: “სწორედ ახლა და მხოლოდ ახლა, როდესაც ზოგან დამშეულნი ჭამენ ადამიანებს, ხოლო გზებზე ყრია ასობით, თუ არა ათასობით, გვამი, ჩვენ ძალგვიძს (და ამიტომაც უნდა) ჩავატაროთ საეკლესიო ფასეულობათა ამოღება გააფთრებული და დაუნდობელი ენერგიით, უკან არ დავიხიოთ და ჩავახშოთ წინააღმდეგობა... რადაც უნდა დაჯდეს, ჩვენთვის აუცილებელია, ჩავატაროთ საეკლესიო ფასეულობათა ამოღება ყველაზე გადამჭრელი და ყველაზე სწრაფი გზით, რითაც ჩვენ უზრუნველვყოფთ რამდენიმე ასეული მილიონი ოქროს მანეთის ოდენობის ფონდს (უნდა გავიხსენოთ ზოგიერთი მონასტრისა და ლავრის გიგანტური ქონება)... ამიტომ ვამბობ დაბეჯითებით, რომ ჩვენ სწორედ ახლა უნდა გადავიხადოთ ყველაზე გაბედული და დაუნდობელი ბრძოლა შავრაზმელ სამღვდელოებასთან... პროცესი შუიელი მეამბოხეებისა, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ დამშეულთა დახმარების საქმეს, ჩატარდეს მაქსიმალური სისწრაფით და უთუოდ დამთავრდეს ქ. შუიის ყველაზე გავლენიანი და სახიფათო შავრაზმელი ძალების დიდი ოდენობის დახვრეტით... დაიხვრიტონ მეამბოხენი არა მარტო ამ ქალაქიდან... თვით პატრიარქ ტიხონს, ვფიქრობ, მიზანშეწონილია, რომ ხელი არ ვახლოთ, თუმცა იგი, უეჭველია, სათავეში უდგას მონათმფლობელთა მთელ ამ ამბოხებას. მის შესახებ უნდა მივცეთ საიდუმლო დირექტივა სახელმწიფო პოლიტსამმართველოს, რათა ამ მოღვაწის ყოველგვარ ურთიერთობას რაც შეიძლება ზუსტად და დაწვრილებით ადევნონ თვალყური და გამოამჟღავნონ სწორედ მოცემულ მომენტში... რეაქციული სამღვდელოების რაც უფრო მეტ წარმომადგენელს დავხვრეტთ, მით უკეთესი იქნება“. 2 (ვ.ლენინი,თხზ.ტ.29,გვ.145)
1921 წლის 25 თებერვლის ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ საქართველოს რევკომმა 15 აპრილს გამოსცა დეკრეტი, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკლესიას ჩამოერთვა იურიდიული პირის სტატუსი და საეკლესიო ქონება გამოცხადდა სახელმწიფო საკუთრებად. საქართველოშიც დაიწყო აგრესიული ათეისტური პოლიტიკის გატარება, ეკლესია-მონასტრების დახურვა, ძალადობა სასულიერო პირებზე. იმ ადამიანების საწინააღმდეგოდ, რომელნიც აცხადებენ, რომ თითქოს ი. სტალინი არ იყო ჩართული ანტირელიგიურ მოძრაობაში მოვიტანთ სტალინის ცნობილ შეფასებას : „ჩვენ ვაწარმოებთ და მომავალშიც ვაწარმოებთ ბრძოლას რელიგიური ცრურწმენების წინააღმდეგ. ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა ისეთია, რომ თითოეულ მოქალაქეს აქვს ნებისმიერი რელიგიური აღმსარებლობის უფლება. ეს თითოეულის სინდისის საქმეა. სწორედ ამიტომ გავატარეთ ჩვენ სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამოყოფა. მაგრამ, გამოვყავით რა სახელმწიფოსაგან ეკლესია და გამოვაცხადეთ რა აღმსარებლობის თავისუფლება, ამასთანავე, ჩვენ შევუნარჩუნეთ თითოეულ მოქალაქეს ბრძოლის უფლება ამა თუ იმ რელიგიის, ყოველგვარი რელიგიის წინააღმდეგ დარწმუნების, აგიტაციისა და პროპაგანდის გზით. პარტიას არ შეუძლია ნეიტრალური იყოს რელიგიასთან მიმართებაში, და ისიც ეწევა ანტირელიგიურ პროპაგანდას ყველა და ყოველგვარი რელიგიური ცრურწმენების წინააღმდეგ, რამეთუ ის მეცნიერებას უჭერს მხარს, რელიგიური ცრურწმენები კი მიდიან მეცნიერების წინააღმდეგ, რადგან ყოველგვარი რელიგია მეცნიერების საპირისპირო რამეა. ისეთი შემთხვევები, როგორიც ამერიკაშია, სადაც ამას წინ დარვინისტები გაასამართლეს, ჩვენთან შეუძლებელია, რადგან პარტია მეცნიერების ყოველმხრივ მხარდასაჭერ პოლიტიკას აწარმოებს. პარტია ვერ იქნება ნეიტრალური რელიგიურ ცრურწმენებთან მიმართებაში, და ის მომავალშიც აწარმოებს პროპაგანდას ამ ცრურწმენების წინააღმდეგ. იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი საიმედო საშუალებათაგანი რეაქციული სამღვდელოების გავლენის მოსაშლელად, რომელიც მხარს უჭერს ექსპლოატატორულ კლასებს და ქადაგებს ამ კლასებისადმი მორჩილებას... პარტიას არ შეუძლია იყოს ნეიტრალური რელიგიურ ცრურწმენათა მატარებლებთან მიმართებაში, რეაქციულ სამღვდელოებასთან მიმართებაში, რომელიც სწამლავს მშრომელთა მასების ცნობიერებას. დავამხეთ კი ჩვენ რეაქციული სამღვდელოება? დიახ, დავამხეთ. უბედურება კი მხოლოდ იმაშია, რომ ჯერ კიდევ არ არის სრულად ლიკვიდირებული. ანტირელიგიური პროპაგანდა წარმოადგენს იმ საშუალებას, რომელმაც ბოლომდის უნდა მიიყვანოს რეაქციული სამღვდელოების ლიკვიდაციის საქმე. არის შემთხვევები, რომ პარტიის რიგებიდან ვიღაც-ვიღაცეები ზოგჯერ ხელს უშლიან ანტირელიგიური პროპაგანდის ყოველმხრივ გაშლას. თუ პარტიიდან ასეთ წევრებს გარიცხავენ, ეს ისედაც კარგია, რამეთუ ასეთ „კომუნისტებს“ ჩვენი პარტიის რიგებში ადგილი არ აქვთ“3 (ჟურნ. „მებრძოლი ათეიზმი“, 1930, N. 7: 1). ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ რუსეთშიც და საქართველოშიც 1925-1927 წლებში ეკლესიაზე სრული კონტროლი დააწესა, მართლმადიდებელი ეკლესიების უმაღლეს სასულიერო პირებად ხელისუფლების მორჩილი პირები დასვა, გააგრძელა ანტირელიგიური პოლიტიკა და მიზნად დაისახა საბჭოთა კავშირის მასობრივი ათეიზმის ქვეყნად გადაქცევა 1936-37 წლებში, მაგრამ მსოფლიოში შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარების გამო კორექტირება შეიტანა თავის გეგმებში. 1941 წელს გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის შემდეგ, როდესაც საქართველოს, რუსეთის და სომხეთის ეკლესიების მეთაურებმა ოფიციალური განცხადებებით მხარი დაუჭირეს საბჭოთა პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და მოუწოდეს მორწმუნე მრევლს თანადგომისათვის ი. სტალინმა შეცვალა ეკლესიის მიმართ თავისი პოლიტიკა. გასათვალისწინებელი იყო ის გარემოებაც, რომ გერმანელები მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მორწმუნე მრევლს არ უშლიდნენ საბჭოთა მთავრობის მიერ ადმინისტრაციული წესით დახურული ეკლესიების ამოქმედებას (ამ დროს უკრაინასა და ბელორუსიაში არასრული მონაცემებით 9400 ზე მეტი ეკლესია გაიხსნა). ასეთ ვითარებაში ხელისუფლებამ ემელიან იაროსლავსკის „მებრძოლ უღმერთოთა კავშირი“ გააუქმა და ანტირელიგიური მუშაობა ახლადშექმნილ საზოგადოება „ცოდნას“ დაავალა.
1943 წლის 4 სექტემბერს ი. სტალინი შეხვდა რუსეთის პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტ სერგის (სტაროგოროდსკი), ლენინგრადის მიტროპოლიტ ალექსის (სიმანსკი), უკრაინის ეგზარქოს ნიკოლოზს (იარუშევიჩი). ამ შეხვედრაზე გადაწყდა რუსეთში პატრიარქის არჩევის და ეკლესიის მიმართ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის საკითხები. საინტერესო ჩანაწერი აქვს ამ შეხვედრის შესახებ უშიშროების გენერალ გიორგი კარპოვს “სტალინმა მიტროპოლიტებს უთხრა: “თუ მთავრობასთან სხვა საკითხები არ გაქვთ, შეიძლება შემდგომ გაგიჩნდეთ. მთავრობას განზრახული აქვს შექმნას სპეციალური სახელმწიფო აპარატი, რომელსაც დაერქმევა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმეთა საბჭო, საბჭოს თავმჯდომარედ, ვფიქრობთ, დაინიშნოს ამხ. კარპოვი. რას იტყვით ამაზე?”
სამივემ განაცხადა, რომ ისინი სრული კეთილგანწყობით ეთანხმებიან ამ თანამდებობაზე ამხ. კარპოვის დანიშვნას.
ამხ. სტალინმა თქვა, რომ საბჭო იქნება მთავრობისა და ეკლესიის დამაკავშირებელი ადგილი და მისმა თავმჯდომარემ მთავრობას უნდა მოახსენოს ეკლესიის ცხოვრებასა და მის წინაშე წამოჭრილ საკითხებზე.
შემდეგ ამხ. სტალინმა მე მომმართა: “შეარჩიეთ 2-3 თანაშემწე, რომლებიც თქვენი საბჭოს წევრები იქნებიან, შექმენით აპარატი, მაგრამ დაიხსომეთ: ჯერ ერთი, თქვენ ობერპროკურორი არ ხართ; მეორე - თქვენ მოღვაწეობაში უფრო მეტად გაუსვით ხაზი ეკლესიის დამოუკიდებლობას”.
ამის შემდეგ ამხ. სტალინი მიუბრუნდა ამხ. მოლოტოვს და უთხრა: “ამის შესახებ უნდა ვაცნობოთ მოსახლეობას, ისევე, როგორც შემდგომ საჭირო იქნება, მოსახლეობას ვაცნობოთ პატრიარქის არჩევის შესახებაც”.
ვიაჩესლავ მოლოტოვმა იქვე დაიწყო რადიოსა და გაზეთებისთვის კომუნიკეს წერა, რომლის შედგენისას მოკლედ შეჰქონდათ შესაბამისი შენიშვნები, შესწორებები და დამატებები როგორც ამხ. სტალინს, ასევე, მიტროპოლიტებს - სერგისა და ალექსის.
ცნობის ტექსტი მიღებული იქნა შემდეგი რედაქციით:
1943 წლის 4 სექტემბერს სსრკ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარესთან - ამხ. სტალინთან შედგა მიღება, რომლის დროსაც გაიმართა საუბარი პატრიარქის ადგილმონაცვლესთან, მიტროპოლიტ სერგისთან, ლენინგრადის მიტროპოლიტ ალექსისთან და უკრაინის, კიევისა და გალიციის ექზარქოსთან, მიტროპოლიტ ნიკოლოზთან.
საუბრის დროს მიტროპოლიტმა სერგიმ აცნობა სახკომსაბჭოს თავმჯდომარეს, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელ წრეებს განზრახული აქვთ ეპისკოპოსების კრების (სობოროს) მოწვევა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ასარჩევად და პატრიარქთან წმინდა სინოდის შესაქმნელად.
მთავრობის თავმჯდომარე ამხ. ი. ბ. სტალინი თანაგრძნობით მოეკიდა ამ წინადადებებს და განაცხადა, რომ მთავრობის მხრიდან ამას არავითარი წინააღმდეგობა არ ექნება.
საუბარს ესწრებოდა სსრკ სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ამხ. ვ. მ. მოლოტოვი”.
ეს ცნობა გამოქვეყნდა გაზეთ “იზვესტიაში” 1943 წლის 5 სექტემბერს.
კომუნიკე გადაეცა ამხ. პოსკრებიშევს იმავე დროს რადიოთი გადასაცემად და საკდესს გაზეთებში დასაბეჭდად.
ამის შემდეგ ამხ. მოლოტოვმა მიმართა სერგის შეკითხვით: როდის იქნება უკეთესი ანგლიკანური ეკლესიის დელეგაციის მიღება, რომელსაც სურს იორკელი არქიეპისკოპოსის მეთაურობით მოსკოვში ჩამოსვლა?
სერგიმ უპასუხა, რადგან ეპისკოპოსების კრება 4 დღის შემდეგ გაიმართება, მაშასადამე, კიდეც გაიმართება პატრიარქის არჩევნები, ანგლიკანური დელეგაციის მიღება ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი.
ამხ. მოლოტოვმა თქვა, რომ, მისი აზრით, ამ დელეგაციის მიღება ერთი თვის შემდეგ იქნება უკეთესი.
ამხ. სტალინთან ამ მიღების დასასრულს მთავრობისა და პირადად ამხ. სტალინისადმი მოკლე სამადლობელო სიტყვით გამოვიდა მიტროპოლიტი სერგი.“(ინფორმაცია ამოღებულია ინტერნეტიდან ავტორი არმაზ სანებლიძე).
უშიშროების გენერალი საქმის ვითარებას ისე წარმოგვიდგენს, რომ თითქოს სტალინს არ უნდოდა სსრკ სახკომსაბჭოსთან არსებული რუსეთის ეკლესიის რელიგიის საქმეთა საბჭო არ უნდა დამსგავსებოდა პეტრე პირველის დროინდელ ობერპროკურორის თანამდებობას, როდესაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი უშუალოდ სამხედრო პირს ექვემდებარებოდა, მაგრამ იმთავითვე ნათელი იყო მიუხედავად ომში ეკლესიის მხარდაჭერისა ხელისუფლება იტოვებდა ეკლესიაზე კონტროლის მექანიზმს. რუსეთის პატრიარქები: სერგი, ალექსი l, საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი კალისტრატე, სომხური ეკლესიის უმაღლესი პატრიარქ -კათალიკოსი გევორქ Vl მთლიანად ხელისუფლებაზე იყვნენ დამოკიდებულნი და იზიარებდნენ მის კურსს, ეს აღარ იყო პატრიარქ ტიხონის, კათალიკოზ-პატრიარქ ამბროსის და სომეხთა კათალიკოსის ხორენის ეკლესია. მიუხედავად უდიდესი დევნა- შევიწროებისა ახალი რეალობის გათვალისწინებით ისინი ხოტბა დიდებას აღავლენდნენ იოსებ სტალინის პიროვნების და კომუნისტური პარტიის მიმართ. რელიგიის საქმეთა საბჭოს შექმნას მოჰყვა გარკვეული გაუგებრობები, საბჭოთა კავშირში რუსული ეკლესიის გარდა იყვნენ: საქართველოს ეკლესია, სომხური ეკლესია, ასევე სხვა რელიგიური დენომინაციები და ამ დროს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოსთან მხოლოდ რუსული ეკლესიის საბჭოს შექმნა მიუღებლად მიიჩნიეს საქართველოში. კათალიკოზ-პატრიარქმა კალისტრატემ საგანგებო წერილები დაუგზავნა საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს კ. ჩარკვიანს, სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებული რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარეს გ. კარპოვს, მაგრამ რადგან ვერ მიიღო რეალური შედეგი, მაშინ უშუალოდ ი. სტალინს მიმართა. სტალინისადმი მიმარეთვაში კათალიკოზი კალისტრატე წერდა: “ 1943 წელს, უკვე სტალინის ეპოქაში, ორ ძმურ ეკლესიას შორის შედგა კანონიკურ-ევქარისტული ურთიერთობების აღდგენა, რომლის შედეგი გახდა 1945 წელს ქართველი და რუსი პატრიარქების ძმური ურთიერთვიზიტები,.. თუმცა სიყვარულისა და მეგობრული კავშირების განმტკიცებას შეიძლება ხელი შეუშალოს შემდეგმა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოვლენამ: ჯერ კიდევ რუსეთისა და საქართველოს ეკლესიებს შორის ლოცვით-კანონიკური ურთიერთობის აღდგენამდე სსრ კავშირის სახკომ საბჭოსთან წარმოიქმნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა საბჭო. შემდგომში ეს საბჭო საქართველოს ეკლესიის საქმეებსაც განაგებდა. ბოლო გარემოება რუსეთის ეკლესიის ზოგიერთ დაწესებულებას და მღვდელმთავარს აძლევს საბაბს, რომ საქართველოს ეკლესია ჩათვალონ რუსეთის ეკლესიის შემადგენლობაში, ხოლო საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქის და მისი წმიდა სინოდის დაქვემდებარებაში. ამას ამტკიცებს თუნდაც შემდეგი ფაქტი: 1945 წლის ივნისის დასაწყისში მოსკოვის საპატრიარქოს კანცელარიამ გამოუგზავნა „პატრიარქ კალისტრატეს, თქვენი ყოვლადუსამღვდელოესობის ხელმძღვანელობისა და განსაკუთრებული ყურადღებისათვის უწმიდესი პატრიარქის და წმიდა სინოდის N 701 განჩინება“.
ასეთი და მსგავსი ოფიციალური მიმართვებით, რა თქმა უნდა კნინდება საქართველოს პატრიარქის პატივი და ღირსება, რომელიც საუკუნეების მანძილზე პატივითა და უფლებამოსილებით გათანაბრებულად ითვლება მსოფლიოს ყველა პატრიარქთან.
ამ ნიადაგზე ახალი გაუგებრობების და დარღვევების თავიდან აცილების მიზნით, სსრ კავშირში მყოფ ორ პატრიარქს შორის ძმური სიყვარულის არსებობისას, უმორჩილესად გთხოვთ, მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამამყარებელს, შეიტანოთ სსრ კავშირის სახკომ საბჭოში წინადადება, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა საბჭოს დაერქვას მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა საბჭო, საქართველოს სსრ-ის სახკომ საბჭოსთან შეიქმნას ამ საბჭოს ფილიალი მოსკოვის საბჭოს უფლებამოსილი პირის თავმჯდომარეობით“4 (საქართველოს საპატრიარქო არქივი, ფ. 3998) კათალიკოზ კალისტრატეს ამ პოზიციას მხარს უჭერდა საქ. კპ. ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი კ. ჩარკვიანი. ი. სტალინმა დააკმაყოფილა კათალიკოზ კალისტრატეს მოთხოვნა, 1945 წლის 22 აგვისტოდან საქართველოს სახკომ საბჭოსთან შეიქმნა რელიგიის საქმეთა რწმუნებულის თანამდებობა, რწმუნებულად დაინიშნა უშიშროების პოლკოვნიკი კალისტრატე (კალე) ქადაგიშვილი. რელიგიის საქმეთა საბჭო თავიდან ცოტა ფრთხილად მოქმედებდა, მაგრამ შემდეგ მან ფრთები გაშალა, როგორც მოსკოვში ასევე ე. წ. მოკავშირე რესპუბლიკებში პროფესორ მიხეილ ქართველიშვილის დაკვირვებით „საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხებში რწმუნებული საკმაოდ დიდი ფუნქციებით იყო აღჭურვილი, რაც ადასტურებს ამ თანამდებობის მნიშვნელობას. მას პრაქტიკულად უნდა დაერეგულირებინა ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა, წინასწარ უნდა განეხილა ყველა ის საკითხი, რომლებსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღძრავდა ცენტრალური ხელისუფლების წინაშე და, რომელზეც საჭირო იყო საქართველოს სსრ მთავრობის ნებართვა, თვალყური უნდა ედევნებინა საქართველოს სსრ ტერიტორიაზე მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებული საბჭოთა კავშირის და საქართველოს სსრ მთავრობის კანონებისა და დადგენილებების ცხოვრებაში სწორი და დროული გატარებისათვის; საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოში უნდა წარედგინა დასკვნები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხებთან დაკავშირებით, უნდა მოეხდინა საქართველოს სსრ-ს მთავრობის დროული ინფორმირება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობისა და მისი საქმიანობის შესახებ. ამ მიზნით, ყოველწლიურად დგებოდა ანგარიშები, სადაც ასახული იყო როგორც საპატრიარქოს მდგომარეობა, ასევე მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პოზიციები ქვეყნისათვის ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე და ცალკეული სასულიერო პირების (აქ იგულისხმება როგორც მაღალი იერარქები, ისე რიგითი მღვდლები) დამოკიდებულებები მრევლისადმი, სახელმწიფოსადმი თუ სხვა საკითხებისადმი. სწორედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხებში რწმუნებულის ფუნქციებში შედიოდა „ეკლესიის გახსნის განცხადების წინასწარი განხილვა და შემოწმება, მის შესახებ დასკვნის შედგენა და ასეთის წარდგენა საქართველოს სსრ მთავრობაში დასამტკიცებლად, მას ასევე უნდა ეწარმოებინა ეკლესიების საერთო რაოდენობის აღრიცხვა და სტატისტიკური ცნობების შედგენა ადგილებიდან მოწოდებული მონაცემების მიხედვით. საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება მისი უფლებებიც, რაც პრაქტიკულად ეკლესიასთან ურთიერთობაში მის უპირატესობას და აღმატებულებას ამტკიცებდა. რწმუნებულს ჰქონდა უფლება, მოეთხოვა რესპუბლიკური და ადგილობრივი საბჭოთა ორგანოებისაგან აუცილებელი საკითხების შესახებ ცნობები და მასალა, რომლებიც დაკავშირებული იყო მართლმადიდებელ ეკლესიასთან, აგრეთვე, მასთან შეთანხმებით ჩაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას მიეცა უფლება, შეექმნა „კომისიები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხების დასამუშავებლად“. ეს კი პრაქტიკულად იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხებში რწმუნებულს ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევის უფლება ჰქონდა. ინსტიტუციური თვალსაზრისით, საქართველოში ჩამოყალიბებული ახალი ორგანო მინისტრთა საბჭოს დაექვემდებარა.“5 (მიხეილ ქართველიშვილი საბჭოთა რელიგიური პოლიტიკა და საქართველოში მისი ასახვის თავისებურებები 1953-1964 წლებში“. სადოქტორო დისერტაცია ხელნაწერის უფლებით, თბ. 2019: 119-121).
საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საქმეთა რწმუნებულები მითითებებს მოსკოვიდან იღებდნენ და ანგარიშვალდებულნი იყვნენ მოსკოვის წინაშე. საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარეები იყვნენ: უშიშროების გენერლები: გიორგი კარპოვი (1943-1960), ივან პოლიაკი (1947-1957), ალექსანდრე პუზინი (1957-1965), ვლადიმერ კურაედოვი(1965-1984), კონსტანტინე ხარჩევი (1984-1989). ამ უკანასკნელმა რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ რუსულ გაზეთში ინტერვიუს დროს გულახდილად განაცხადა: “70 წელი ვებრძოდით ეკლესიას. ნაწილობრივ იმისთვისაც ვირჯებოდით, რომ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან თანამდებობებზე ყველაზე მეტად უზნეო და გახრწნილი ადამიანები დაგვენიშნა. ახლა კი გვინდა, მათ სულიერი აღორძინება მოგვიწყონ?“ აი სინამდვილეში რა მიზნით შეიქმნა რწმუნებულთა სისტემა და რა ტოტალური კონტროლი დაწესდა ეკლესიაზე. 1947-1990 წლებში საქართველოს სსრ -ში რელიგიის საქმეთა რწმუნებულები იყვნენ უშიშროების კადრები: კალისტრატე (კალე) ქადაგიშვილი, მიხეილ ბუჯიაშვილი, მიხეილ მექვაბიშვილი, დავით ენუქიძე, დავით შალუტაშვილი, თენგიზ ონოფრიშვილი, გივი მაისურაძე, ანზორ წიკლაური. ამ აპარატის შექმნის პირველ წლებში საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი კალისტრატე რწმუნებულის გვერდის ავლით ცდილობდა ხელისუფლების პირველ პირებთან გაეგრძელებინა ურთიერთობა, მაგრამ კათალიკოზ კალისტრატეს გარდაცვალების შემდეგ რწმუნებულებმა მთლიანად თავის ხელში აიღეს ეკლესიაზე კონტროლი. მათ ჩაატარეს მოქმედ ეკლესიათა და საულიერო პირთა აღრიცხვა, უკიდურესად გაართულეს ახალი რელიგიური საზოგადოების რეგისტრაცია და ეკლესიის გახსნის პროცედურა, სასულიერო პირებს და ეკლესიებს, რომელიც სახელმწიფო საკუთრებად ითვლებოდა დაუწესეს 87% ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადი. რელიგიის საქმეთა რწმუნებულები ადგილობრივი აღმასკომების შესაბამის განყოფილებას ყოველწლიურად თხოვდნენ მათ რაიონში მოქმედი ეკლესიის სასულიერო პირებზე დახასიათებას, ხოლო რწმუნებულები ყოველწლიურ დახასიათებას წერდნენ საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქებზე. რელიგიის საქმეთა რწმუნებულის მოსე მექვაბიშვილის დახასიათებაში კათოლიკოზ-პატრიარქ მელქისედეკ lll ვკითხულობთ: მელქისედეკ მესამე პრინციპული ადამიანია, იმავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ იგი სამღვდელოებაში არ სარგებლობს კარგი ავტორიტეტით თავის სიმკაცრის გამო... პარტიასა და მთავრობასთან მიმართებაში ლოიალურია... იგი განსაკუთრებით არ ცდილობს მოქმედ ეკლესიათა გაფართოებას... ყურს უგდებს ჩემს რჩევებს... სხვებზე მაღლა აყენებს თავის ნაციას და ტაძრების გახსნის გადაწყვეტისას ცდილობს გახსნას მეტი ქართული ტაძარი“6 (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათალიკოზ მელქისედეკ lll საქმე N2718, გვ. 6) ასეთი დასმენის წერილს აგზავნის რწმუნებული მექვაბიშვილი მოსკოვში 1957 წელს. იმ დროს,როდესაც ქვეყნის პირველ პირს ნ.ხრუშჩოვს გადაწყვეტილი ჰქონდა საბჭოთა კავშირის მასობრივი ათეიზმის ქვეყნად გადაქცევა, ქართველები კი ოფიციალურად ნაციონალისტებად იყვნენ გამოცხადებულნი. კათალიკოზ მელქისედეკის მცდელობა საქართველოს ეკლესიას ჰქონოდა საკუთარი სემინარია, პერიოდული გამოცემა „საქართველოს ეკლესიის უწყებანი“ რელიგიის რწმუნებულის წინააღმდეგობის გამო ჩაიშალა. რელიგიის საქმეთა რწმუნებულები მოსკოვის მითითებით ავიწროებდნენ კათალიკოზ ეფრემ ll, კათალიკოზი უკმაყოფილებას ვერ მალავდა მ. მექვაბიშვილის, დ. ენუქიძის და დ შალუტაშვილის მიმართ, განსაკუთრებით სახელმწიფოს მიერ სასულიერო პირების კაბალური დაბეგვრის გამო, მაგრამ ამ პრობლემის მოგვარება ვერ შეძლო. რელიგიის საქმეთა რწმუნებულების ნამდვილი სახე კარგად ჩანს 1972 წლის ოქტომბრით დათარიღებულ ერთ წერილში, რომელიც აფხაზეთის ასსრ რელიგიის რწმუნებულმა ა. ლაგვილავამ გამოუგზავნა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიის საქმეთა რწმუნებულს დ. შალუტაშვილს. იგი გამოთქვამდა მოსაზრებას კამანის წყალთან ახლოს სადაც მორწმუნეები ჩადიოდნენ რწმენით და ავადმყოფობისაგან განიკურნებოდნენ კარგი იქნებოდა ღორების ფერმის აშენება და ადამიანები ღორებთან ერთად აღარ ჩავიდოდნენ წყალში. 1980 წელს რელიგიის საქმეთა რწმუნებული მცხეთაში დასწრებია სასულიერო სემინარიაში სტუდენტთა მისაღებ გამოცდებს და ასეთი ჩანაწერი გაუკეთებია: ”სამწუხაროდ წინა წელთან შედარებითs სემინარიაში მოსული კონტიგენტი ამჯერად გაცილებით უკეთ მომზადებული ჩანდა, მათ შორის არიან უმაღლეს სასწავლებელ დამთავრებულებიც“7 (სერგო ვარდოსანიძე „საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017)“ თბ. 2017: 384). ეს ჩანაწერი კიდევ ერთხელ მკაფიოდ აჩვენებს რა მიზნები ჰქონდათ რელიგიის საქმეთა რწმუნებულებს და როგორ გულმოდგინედ ასრულებდნენ ისინი ხელისუფლების დავალებას. რელიგიის საქმეთა რწმუნებულის ნებართვის გარეშე ვერცერთი კათალიკოზ-პატრიარქი ვერ აკურთხებდა ვერცერთ დიაკვანს, მღვდელს, ეპისკოპოსს, ვერ გახსნიდა ახალ ეპარქიას. უფრო მეტიც 1985 წლიდან საბჭოთა კავშირში დაწყებული ე. წ. „პერესტროიკის“ მიუხედავად რელიგიის საქმეთა საბჭო და მისი რესპუბლიკური ფილიალები აგრძელებდნენ ეკლესიაზე ტოტალურ კონტროლს. 1986 წლის 26 ნოემბერს რელიგიის საქმეთა რწმუნებული გ. მაისურაძე ასეთი შინაარსის წერილს უგზავნის კათალიკოზ-პატრიარქ ილია ll-ს:
"ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, აუცილებლად მივიჩნევთ თქვენი ყურადღება მივაპყროთ რელიგიური კულტების შესახებ საბჭოთა კანონმდებლობის დარღვევების ფაქტებზე, რომლებიც საკმაოდ მოხშირდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურთა მხრივ... ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რწმუნებულთა აპარატს საჭიროდ მიაჩნია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ აღნიშნულ დარღვევათა უახლოეს ვადებში აღმოსაფხვრელად გაატაროს შემდეგი სახის ღონისძიებანი:
1. აეკრძალოთ ეკლესიათა მღვდელმსახურებსა და საპატრიარქოს თანამ-შრომლებს, უშუალოდ მიმართონ რესპუბლიკისა თუ საკავშირო ინსტანციებს და აწარმოონ მათთან მიმოწერა რწმუნებულის აპარატის გვერდის ავლით;
2. შეიზღუდოს მღვდლების სხვადასხვა ეკლესიებში გადაყვან–გადმოყვანა, თუ ეს განსაკუთრებული აუცილებლობით არ იქნება გამოწვეული;
3. მკაცრად აეკრძალოს ყველა ღვთისმსახურსა თუ ეკლესიის წინამძღვარს რელიგიური საზოგადოების საფინანსო–სამეურნეო საქმეებში ჩართვა.
4. მკაცრად იქნეს გაფრთხილებული ყველა მღვდელმთავარი და სხვა კულტის მსახურნი, რათა შეწყდეს არამოქმედ და არარეგისტრირებულ ეკლესიებში სახალხო თუ საეკლესიო დღესასწაულებში მონაწილეობა.”8 (სერგო ვარდოსანიძე „საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017)“ თბ. 2017: 385)
ამ წერილის მიღების შემდეგ კათალიკოზ-პატრიარქი ილია მეორე იძულებული გახდა საგანგებოდ მოეწვია სინოდის სხდომა და შემდეგ რწმუნებულისათვის ოფიციალურად ეცნობებინა გატარებული ღონისძიებების შესახებ.
ასეთი იყო საბჭოთა კავშირში მართლმადიდებელი ეკლესიის და სხვა რელიგიური კონფენსიების მართვის საბჭოური მოდელი, რომელიც საბჭოთა კავშირში დაწყებული „პერესტროიკის“ შემდეგ თანდათან შეირყა და 1989 წელს გაუქმდა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საბჭო, საქართველოში 1988 წლის ნოემბრიდან ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობის,საპროტესტო აქციების დროს გამოჩდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები,მათ სორის მაღალიერარქებიც, რელიგიის საქმეთა რწმუნებული ა.წიკლაური და მისი მოადგილე რ.ტატიშვილი სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქისაგან მოითხოვდნენ ამ სასულიერო პირების დასჯას...1989 წლის 9 აპრილის ცნობილი მოვლენების შემდეგ შემდეგ საქართველოში კომუნისტურმა ხელისუფლებამ სრული კრახი განიცადა, 1990 წლის 22 აპრილს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო იძულებული გახდა გაეუქმებინა რელიგიის საქმეთა რწმუნებულის თანამდებობა."