წავალ თუ არა პოლიტიკაში, ეს არის დამოკიდებული იმაზე, რა მოცემულობა იქნება და სად იქნება ჩემნაირი ადამიანების საჭიროება , - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, „საქართველოს ევროპული ორბიტას“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისი თქმით, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მკაფიო პასუხი არ აქვს, თუმცა მისი გადაწყვეტილებები დიდწილად კანდიდატის სტატუსის მიღება-არ მიღებაზე იქნება დამოკიდებული.
„არ მაქვს ამაზე მკაფიო პასუხი. მე არ ვარ მხოლოდ ამ პლატფორმის მონაწილე, არიან დამფუძნებლები, ბორდის წევრები, არის წესდება, მიზნები და ეს არ ითვალისწინებს პარტიად ან პოლიტიკურ მოძრაობად ტრანსფორმირებას.
რაც შეეხება ჩემს პირად გეგმებს, ჩემი პირადი გეგმები დღეს ჩემთვისაც არ არის ძალიან მკაფიო. ზოგადად ამ ქვეყნის პოლიტიკური მომავალი არ არის ძალიან მკაფიო და ჩემთვის ეს არის დაკავშირებული კანდიდატის სტატუსთან, რა საჭიროება იქნება პოლიტიკური ბრძოლის თვალსაზრისით, იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ, შევინარჩუნოთ და წინ წავიდეთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე. კონტურებს გამოაჩენს გადაწყვეტილება, რაც იქნება მიღებული ევროკავშირის მხრიდან. ჩემი და ამ ორგანიზაციის ფოკუსი მთლიანად ამისკენაა მიმართული“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.