ბუდაპეშტში იმრე პოლიაკის და იანოშ ვარგას მემორიალმა აიღო სტარტი.
ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ სარეიტინგო ტურნირების რანგში აყვანილ მემორიალზე დღეს ასპარეზობაში 57-61-65-70-79-97 და 125 კგ წონითი კატეგორიების თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებნენ.
2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინა ბოლო ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე არაერთი სახელოვანი სპორტსმენი ასპარეზობს და მათ ყველაზე გამორჩეულებს შორის კი უდავოდ მოიაზრებიან პარიზის ოლიმპიური თამაშების ოქროს და ვერცხლის მედალოსნები 97კგ წონით კატეგორიაში, აჰმედ ტაჟუდინოვი და გივი მაჭარაშვილი.
ორივე მოჭიდავე დღესაც ლიდერებად და ოქროს მედლის მოპოვების უპირველეს პრეტენდენტებად ითვლებიან, თუმცა ამჯერად ისინი ერთმანეთის კონკურენტები არ იყვნენ, რადგან ტაჟუდინოვი კვლავ 97 კგ წონაში ჭიდაობდა, მაჭარაშვილი კი ყველაზე მძიმე წონაში ასპარეზობდა ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის პრიზიორებთან, გიორგი მეშვილდიშვილთან (აზერბაიჯანი), მასთან ფინალში ბოლო წამებზე დამარცხებულ სოლომონ მანაშვილთან და კამილ ტომაშ კოსციოლეკთან (პოლონეთი), აგრეთვე გეორგი ივანოვთან (ბულგარეთი), ალენ ხუბულოვთან (ბულგარეთი), ვლადისლავ ბაიცაევთან (უნგრეთი), რობერტ ბარანთან (პოლონეთი), შამილ შარიპოვთან (ბაჰრეინი), ძიანის ხრამიანკოვთან(ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია, ბელარუსი), ამერიკელებ, ტრენტ ჰიგლერთან და დემეტრიუს თომასთან და სხვებთან ერთად.
გივი მაჭარაშვილი ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაება და მისი მეტოქე საკვალიფიკაციო წრიდან გიორგი მეშველდიშვილის ტრავმის გამო უბრძოლველად გასული ბულგარელი გეორგი ივანოვი იყო. შეხვედრის მეორე პერიოდის დაწყებიდან 1 წუთის და 26 წამის გასვლის შემდეგ, როცა ანგარიში 4:3 იყო ბულგარელის სასარგებლოდ, ორთაბრძოლა გივი მაჭარაშვილის ტრავმის გამო შეწყდა.
სოლომონ მანაშვილმა პირველივე წუთზე აშკარა უპირატესობით წააგო ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში მასთან შეხვედრაში დამარცხებულ პოლონელ კამილ ტომაშ კოსციოლეკთან.
ფინალი
ძიანის ხრამიანკოვი - შამილ შარიპოვი
97 კგ წონაში საქართველოს წარმომადგენელმა მერაბ სულეიმანიშვილმა მეოთხედფინალიდან დაიწყო ასპარეზობა. მან სლოვაკი ბატირბეკ ცაკულოვი 8:2 დაამარცხა და ნახევარფინალში შეხვდა ახმედ ტაჟუდინოვს, რომელმაც საკვალიფიკაციო წრეში ფრანგ ადლან ვისხანოვს 14:2 სძლია, მეოთხედფინალში კი 11:0 მოუგო ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე ბელორუს ალექსანდრე ჰუშტინს.
შეხვედრა ახმედ ტაჟუდინოვმა აშკარა უპირატესობით, 10:0 მოიგო.
მერაბ სულეიმანიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ადლან ვისხანოვთან იჭიდავებს
ფინალი
ახმედ ტაჟუდინოვი - ზბიგნევ ბარანოვსკი (პოლონეთი)
79 კგ წონაში საქართველოდან ვლადიმერ გამყრელიძე და ლუკა ჩხიტუნიძე ჩაებნენ შეჯიბრებაში.
ლუკა ჩხიტუნიძემ მერვედფინალში ყაზახ დაულეტ ერგეშს 10:0 სძლია, მეოთხედფინალში კი კიდევ ერთ ყაზახთან, ბოლატ საკაევთან 5:8 დამარცხდა.
ვლადიმერ გამყრელიძემ მერვედფინალში 10:1 მოუგო ყაზახ ბეკჟანოვს, მეოთხედფინალში ირანელი ფარიბორზ ფარამარზ ბაბაირაგანი 4:1 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ყაზახ ბოლატ საკაევს 2:0 სძლია.
ფინალში ვლადიმერ გამყრელიძე ტაჯიკ მაგომეტ ევლოევთან იჭიდავებს.
70 კგ წონის საკვალიფიკაციო წრეში აკაკი ქემერტელიძემ ამერიკელი ბრენდონ კენონი 14:11 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი იაპონელ იოშინოსუკე აოიაგისთან 1:4 დამარცხდა.
აკაკი ქემერტელიძემ რეპეშაჟში თურქი ჰაიდარ იავუზი 4:2 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის ირანელ აბას მოჰამადრეზა ებრაჰიმზადეჰსავადკოუჰის შეხვდება
ფინალი
არმან ანდრეასიანი (სომხეთი) - იოშონუსუკე აოიაგა
65 კგ წონით კატეგორიაში ნიკა ზაკაშვილი და გიორგი ძებისაშვილი მერვედფინალში დამარცხდნენ. პირველს ყაზახმა შერხაბ აბილმა 4:2 სძლია, მეორე კი აზერბაიჯანელ ალი რაჰიმზადესთან 1:3 დამარცხდა.
გიორგი ძებისაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა რეპეშაჟიდან გააგრძელა, სადაც 10:0 სძლია ყაზახ შერხან აბილს და გადამწყვეტ შეხვედრაში ბაჰრეინელ ალიბეგ ალიბეგოვს შეხვდება.
ფინალი
სუჯიტ სუჯიტი (ინდოეთი) - ალი რაჰიმზადე
61 კგ წონაში გიორგი ღონიაშვილმა საკვალიფიკაციო წრეში ყაზახ ადილ ოსპანოვს 7:4 სძლია, ნახევარფინალში კი იაპონელ ტაკარა სუდასთან 2:12 წააგო.
გიორგი ღონიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ყაზახ ასინჟალ ესენგელდისთან იჭიდავებს.
ფინალი
ტაირბეკ ჟუმაშბეკ ულუ (ყირგიზეთი) - ტაკარა სუდა
57 კგ წონაში ლუკა ღვინჯილიამ საკვალიფიკაციო წრეში კოსტარიკელი პიტერ ლუის ჰამერ კიუდე 6:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი რობერტ დინგაშვილთან 3:6 დამარცხდა.
რობერტ დინგაშვილმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ისლამ ბაზარგანოვთან 2:5 წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის ბელორუს არიან ტიუტრინთან იჭიდავებს.
ფინალი
ლიუკ ჯოზეფ ლილედალი (აშშ) - ისლამ ბაზარგანოვი