საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კაბო ვერდესთან ამხანაგურ შეხვედრამდე ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, კაბო ვერდეს ნაკრები ფარერებისგან განსხვავებული სტილისაა და უფრო ძლიერი მეტოქეა. ჩვენს ფეხბურთელებს მეტი მონდომება და კონცენტრაცია დასჭირდებათ. საკუთრ მოედანზე ვთამაშობთ და ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. შემადგენლობაში ცვლილებები იქნება. რამდენიმე ფეხბურთელს, რომლებმაც ფარერებთან ითამაშეს, კიდევ დავაკვირდები და შევეცდები, თავის გამოჩენის შანსი მაქსიმალურად ბევრს მივცე.

ივნისი ფეხბურთელებისთვის რთული პერიოდია, მაგრამ შეკრებაზე გამოძახებული მოთამაშეების მიდგომით კმაყოფილი ვარ. მათ დამოკიდებულებაში დისციპლინა და ამბიცია იგრძნობა. საერთოდ, 2022 წლის ერთა ლიგიდან მოყოლებული, ნაკრებში შექმნილი ატმოსფეროთი კმაყოფილი ვარ.

მატჩის მასპინძელი ქალაქის შერჩევაში არ ვმონაწილეობ, მაგრამ ეროვნული ნაკრები მთელ ქვეყანას ეკუთვნის და ფედერაციის სტრატეგიაა, რომ რეგიონებშიც ვითამაშოთ, ქუთაისში თამაშის დანიშვნა მეც ძალიან მომწონს.

…ფარერებთან პირველი ნახევარი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ შესვენების შემდეგ ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვერ დავრჩი. მთავარია, შეცდომები ხვალ აღარ გავიმეოროთ, ვიმეორებ, კაბო ვერდე უკეთესი გუნდია და მასთან წარმატების მისაღწევად მეტი კონცენტრაციაა აუცილებელი“.